Buyers Mag X NOIZY – ინტერვიუ სოფო ჭყონიასთან

by Mary Bitchashvili

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ძალიან საინტერესოა და ჩვენ ამის შესახებ ყოველდღიურად ვკითხულობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ რა ხდება დღეს საქართველოში. ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში მოდის სფეროა, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის მიერ წლების განმავლობაში ნაშენები სტრუქტურაა და ის არც ისე ძლიერია. უნდა შევთანხმდეთ, რომ მოდა არის ბიზნესი, ის საჭიროა ეკონომიკისთვის, ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი კრიზისამდე იზრდებოდა, გაჩნდა კონკურენცია ყველა მიმართულებით. მოდის სფერო არ არის მხოლოდ შოუ, დიზაინერები და მოდელები, ის არის ჯაჭვი, რომელშიც ჩაბმულია მკერავიც, ვიზაჟისტიც, გამომჭრელიც, კონსტრუქტორიც და ა.შ. მარტო მატერიის ფაბრიკაში 300-მდე თანამშრომელია. რა ელოდება ამ ხალხს? ჩვენ ამ სფეროს მხარდაჭერა უნდა დავიწყოთ, ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი გვქონდა და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს კვლავ გვქონდეს.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს სოფო ჭყონიასთან – მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ორგანიზატორთან, The Business of Fashion- ის მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქართველთან მოდის ინდუსტრიაში.

Q

რა არის მოდის კვირეულის მთავარი დატვირთვა დღეს ამ სფეროში?

A

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი საუბარი და დისკუსია მიდის იმის თაობაზე საჭიროა თუ არა ტრადიციული runway show დიზაინერებისთვის. საქართველოში მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია. რადგან ფიზიკური დასწრება საერთაშორისო პრესის, ბაიერების და პირადი კონტაქტები ქართველი დიზაინერების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ჩვენი, როგორც ქვეყნის, სადაც მოდა არსებობს, აღმოჩენა მოხდა ბოლო წლებში და მოდის კვირეულმა დიდი როლი ითამაშა. იზრდება ცნობადობა ქვეყნის, დიზაინერების, ფოტოგრაფების, მოდელების და სხვა ამ სფეროს წარმომადგენლების. ქართული მოდა რომ გაიგო აუცილებელია, რომ საქართველოში ჩამოხვიდე.

Q

რამდენი დიზაინერი მონაწილეობს თბილისის მერსედეს ბენც მოდის კვირეულზე და არიან თუ არა უცხოელი მონაწილეები.

A

მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა. დაახლოებით 40-მდე დიზაინერი მონაწილეობს, მათ შორის უცხოელებიც. მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ქართველ დიზაინერებზეა.

Q

რა სირთულეები წარმოშვა ამ კრიზისმა და კვირეულების გაუქმებამ?

A

ჩვენ უკვე მზად ვიყავით მაისის სეზონისათვის. რა თქმა უნდა, როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიამ ჩვენთანაც ყველაფერი შეაჩერა. დიზაინერების გაყიდვები, საერთაშორისო პრესის გაშუქება და ბევრი სხვა რამ, რაც გამოიწვევს სირთულეებს. პირველ რიგში ფინანსურს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით უფრო აქტიურად და საინტერესო პროექტით.

 

Q

რა სახის თანამშრომლობა არის საჭირო მომავალში ინდუსტრიის სიმყარის შენარჩუნებისთვის. ვინ უნდა გაერთიანდეს, პირველ რიგში ლოკალურად

A

პირველ რიგში ამ სფეროს ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. მართალია ბევრი ამბობს და იტყვის – ” რა დროს მოდაა?” მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია და პერსპექტიული. ბევრ ქვეყანაში შეიქმნა ფონდები თუ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ ინდუსტრიას დაეხმარება. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მოდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად, წარმატებულ ბიზნესად და ქვეყნის ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად, რაც პრინციპში ჩვენმა დიზაინერებმა დაამტკიცეს უკვე.

Q

იქონიებს თუ არა გავლენას დღევანდელი კრიზისი მდგრადი მოდის კონცეფციით მუშაობის დაწყებაზე?

A

აუცილებლად და ამაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. ახლა უფრო მნიშვნელოვანი და ინტენსიური იქნება.

Q

რა მხარდაჭერა ექნებათ კვირეულის მხრიდან დიზაინერებს?

A

ამაზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ, რომ დიზაინერებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კრიზისიდან გამოსვლისთვის.

Photographed by Guram Kapanadze During MBFW Tbilisi

Q

რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს, ისე როგორც არასდროს მოდის სფეროს მხარდაჭერა? გვესაუბრეთ მის როლზე ქვეყნის წინსვლაში. რა არის თქვენი, როგორც მოდის კვირეულის ორგანიზატორის ყველაზე დიდი პრიორიტეტი ამ ეტაპზე?

A

პირველ რიგში პროექტის შენარჩუნება და განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერებს, ვისაც დავტოვებთ პროექტში უფრო აქტიურად დავეხმაროთ განვითარებაში. ასევე ბევრ სხვა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო მოდის სფეროს, არამედ ზოგადად ხელოვანებს საქართველოში.

Materiel

Q

რა რჩევას მისცემდით ქართველ დიზაინერებს, ქართულ პრესას და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, ვინც დღეს აქტიურად მუშაობს პრობლემების დაძლევისა და რელევანტურობის შენარჩუნებისთვის

A

კორონავირუსი გვთავაზობს ცხოვრების დაწყებას სუფთა ფურცლიდან და ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საზოგადოება ვირუსის შემდეგ.ყველაფრის გადაფასება მოხდება, როდესაც ეს პანდემია დასრულდება. დარჩება მხოლოდ ღირებული და უნდა ვეცადოთ, რომ შეცდომები აღარ დავუშვათ. ახლა არის დრო, როდესაც ადამიანებმა უნდა შექმნან მართლაც ღირებული და საინტერესო.

Cover Photographed By Grigor Devejiev ( @jam_project_ )