ბაიერსი X თიბისი სტატუსი – ნატო ერისთავი

by likuna khaburzania

ნატო ერისთავი კერამიკოსი და მხატვარია, რომელმაც საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერამიკის სტუდია White Studio დაარსა. ასევე მის სახელს უკავშირდება თეთრი თიხის ანუ ქართული ფაიფურის კვლევა და დამკვიდრება. მისი მიზანია ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული დარგის პროფესიის პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

 • რა არის თქვენი პროფესიის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი?

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს მხატვრისგან – თიხასთან მუშაობისას ყველაზე დიდი სიამოვნებაა რისკი, სპონტანურობა და ის, რომ  წინასწარ არასდროს არ ვიცი როგორი გამოვა დასრულებული ნამუშევარი. მოულოდნელი შედეგიც ძალიან აზარტულია ხოლო პროცესიც რთული, მაგრამ საინტერესოა. ნამუშევარმა იდეიდან შეიძლება უსასრულობამდე იცვალოს იერი და გარდაიქმნას სრულიად დაუგეგმავ ობიექტად.

 

• ყველასთვის ცნობილია, რომ კერამიკაზე მუშაობა ძალიან ამშვიდებს ადამიანებს. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, რომ ეს პროცესი ჩაითვალოს ერგვარ სტრესის საწინააღმდეგო თერაპიად? 

მსოფლიომ უკვე აღიარა კერამიკა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ანტიდეპრესანტი თერაპია. იაპონიაში, მიწისძვრების დროს, ახლობლებს, რომლებიც დაზარალებულების გადარჩენას ელოდებიან, დასამშვიდებლად ურიგებენ თიხის გუნდებს. 

თიხაზე მუშაობა ერთადერთი ხელოვნების დარგია, სადაც ხდება პირდაპირი კონტაქტი ადამიანსა და მასალას შორის, დამხმარე იარაღების გარეშე. ტაქტილური კონტაქტისას ხდება მხატვარსა და ბუნებრივ მასალას შორის ენერგიისა და განწყობის გაცვლა. თიხა, ცოცხალი ორგანიზმივითაა, სუნთქავს, გემორჩილება (ან არ გემორჩილება) აქვს ინდივიდუალური ხასიათი და თვისებები. ამიტომ შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია რამდენად შედგება „პოზიტიური დიალოგი“  მასალასა და ხელოვანს შორის. თუ “შეეწყობით” ერთმანეთს აუცილებლად დაგიფასდებათ წარმატებული რეზულტატით .

• რა რჩევას მისცემდით დამწყებ კერამიკოსებს ?

თიხას ერთხელ რომ მოზილავენ, თუ ეგრევე არ დაავადდებიან ამ მასალით, ჯობია საერთოდ აღარ გაეკარონ. ძალით კერამიკა არ კეთდება! მხოლოდ ამ დარგის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებთ სასურველ შედეგს. 

• White studio ერთ-ერთი პირველია რომელმაც საქართველოში კერამიკის შესწავლა და ქართული თიხის გამოყენება დაიწყო. თქვენთვის როგორც თანადამფუძნებელისთვის რა არის მთავარი მიზანი ?

კერამიკის შესწავლა საქართველოში ბევრად ადრე დაიწყო, მაგრამ თეთრი თიხის ანუ „ქართული ფაიფურის„  კვლევა და გამოყენება ნამდვილად ჩვენ დავიწყეთ პირველებმა. ასევე გავხსენით პირველი  ცენტრი, რომლის მთავარი მიზანი იყო ქართული კერამიკის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. პრაქტიკულად ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული დარგი, ორნამენტები და ტექნოლოგია დაღუპვის პირას იყო. მიუხედავად ამდენი თიხისა, რაც საქართველოში მოიპოვება, არც ხარისხიანი მასალა იშოვებოდა და არც ინტერესი იყო დიდი. მხოლოდ რამოდენიმე კერამიკოსი  ვაგრძელებდით მუშაობას სახელოსნოში და ვატარებდით გამოფენებსა და ფესტივალებს. 

რაც White studio მ პირველმა შემოიტანა ახალი მასალები, ტექნოლოგია და დანადგარები, საგრძნობლად გაიზარდა ხარისხი და  ინტერესი ამ დარგის მიმართ. ჩვენ ვამაყობთ ქართული კერამიკის ტრადიციებით და ვცდილობთ ვაჩვენოთ მსოფლიოს რამდენად დიდი ისტორია, გემოვნება და კულტურა გვაქვს. ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალი სახელოსნოების ჩამოყალიბებას და გავუზიარით მოყვარულებს თიხაზე მუშაობის ტექნიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენი მიზანია საქართველომაც გამოიყენოს თიხა ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ.

 

• თქვენს სტუდიაში შესაძლებელია როგორც გამოცდილი, ასევე მოყვარული მსურველებისათვის თიხაზე მუშაობის შესწავლა. მოგვიყევით რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი. 

ეს არის უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც ვხედავთ სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანების აღტაცებას თიხასთან მუშაობისას. უამრავმა ზრდასრულმა აღმოაჩინა თავის თავში მხატვრული ნიჭი და შემოქმედებითი უნარები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველა ადამიანი სათავისოდ ირგებს  მასალას და სრულიად განსხვავებული ტექნიკებით მუშაობს.

• ზოგადად ეს სფერო  და თიხაზე მუშაობა მოულოდნელობებითაა სავსე და არასდროს იცი რას უნდა ელოდო. რომელი იყო თქვენთვის ისეთი ნამუშევარი რომლის შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა?

პრაქტიკულად ყველა ნამუშევარი იდეიდან დასრულებამდე იმდენ ტრანსფორმაციას გადის, რომ ღუმელიდან გამოსული „სიურპრიზი“  უკვე ჩემთვის ჩვეული მდგომარეობაა.

• მუშაობის პროცესში რამდენად ხშირად მიდიხართ რისკზე?

რისკი თან ახლავს კერამიკის ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპს. ნამუშევარმა შეიძლება ძერწვის, შრობის, გამოწვის, მოხატვისა და მოჭიქურების ეტაპები გადაიაროს და საბოლოოდ ღუმელიდან ამოღებისას გატყდეს. თიხის არტისტები უკვე  შეგუებული ვართ რისკს. ნამუშევრებით სავსე მთელი ღუმელი თუ ჩაიწვა და განადგურდა, ქირურგის სიმშვიდით ვრეაგირებთ. ეს უკვე პროფესიული უნარჩვევაა.   

• ჩემთვის პირადად საინტერესო გარემო დეტალების ერთობლიობაა. რომელია თქვენთვის ის ნივთი, რომელიც ინტერიერში აუცილებლად უნდა გვხვდებოდეს?

ვერ ვიტყვი რომ რამე კონკრეტულს ველოდები ახალ გარემოში, მაგრამ ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცეში ნივთების სწორად განაწილებას. „სწორად“ ნიშნავს კომპოზიციის მთავარი საფუძვლების დაცვას. ინტერიერის ელემენტებებმა ხაზი უნდა გაუსვან ერთმანეთს ფორმით, ზომითა თუ ფერით. სივრცეში აუცილებლად უნდა გვხდვდებოდეს დომინანტი აქცენტები და მათი თანმდევი ელემენტები. ნებისმიერი შეიძლება იყოს დომინანტი, ავეჯი, აქსესუარი თუ განათება. მარტივი სტანდარტებით შეგვიძლია მივიღოთ გადატვირთული მაგრამ მინიმალისტური და გემოვნებიანი გარემო. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფერისა და ფორმის ბალანსი და ზომიერებაა.

• არტისტი რომელმაც თქვენს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა?

სრულიად გამაოგნა პირველმა შეხებამ კერამიკასთან, როდესაც  15 წლის ასაკში მოვხვდი ქართული (და საბჭოთა კავშირის) კერამიკის მეტრების ალდე კაკაბაძისა და რეზო იაშვილის სახელოსნოში. ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ეს ის საქმეა, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა.

• საშუალება რომ მოგეცეთ ვინ იქნებოდა ის მხატვარი ვისთან ერთადაც იმუშავებდით პროექტზე?

ძალიან ბევრს ვმოგზაურობ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, შესაბამისად ბევრ ქვეყანაში მქონდა ბედნიერება მსოფლიო კერამიკის ვარსკვლავებთან ერთად მემუშავა. მაგრამ თუ მხოლოდ ერთის არჩევა მომიწევს, სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩინელ არტისთთან აი ვეივეისთან.

• რა გამშვიდებთ ყველაზე მეტად? 

მამშვიდებს ალბათ ის, რომ დიდ ჰარმონიას მივაღწიე ამ მასალასთან ურთიერთობით და კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა მელოდება წინ, რადგან უსაზღვროა თიხის, როგორც მედიუმის შესაძლებლობები. მამშვიდებს, რომ ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად უცხო ადამიანებს მოსწონთ რასაც ვაკეთებ და გვერდში მიდგანან.

• როგორ გამოიყურება თქვენი სამუშაო სივრცე? 

ამჟამად ისე გამოვიდა, რომ თითქმის მთელ დროს ვუთმობ White Studio-ს განვითარებას და ცოტა დრო მრჩება ჩემს სახელოსნოში საკუთარი ნამუშევრების შექმნისთვის. ერთის მხრივ კარგია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვან  საქმეს ვაკეთებთ მე და ჩვენი გუნდი, დარგის განვითარებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ გული მწყდება, რადგან კიდევ ბევრი რამე მრჩება გაუკეთებელი. 

• მუსიკა რომელსაც მუშაობის პროცესში უსმენთ.

ჩემთვის, მუშაობის პროცესი მუსიკის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. განწყობის მიხედვით ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ. თუმცა განსაკუთრებით მიყვარს ჯაზი, კლასიკური მუსიკა და ქართული სიმღერა. შეიძლება ითქვას რომ მელომანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ხელოვნების თანამედროვე  ტენდენციები ჩემთვის სრულიად მისაღებია და ძალიან ბევრი მიმდინარეობა მხიბლავს, გული მწყდება, რომ მსოფლიოში მუსიკალური ხელოვნების ტრანსფორმაცია ჩემთვის სულ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება.

• თქვენი კარიერის მანძილზე რა იყო ყველაზე გარდამტეხი მომენტი? 

ბევრი მონდომებული სტუდენტი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, აგრძელებს თავის შემოქმედებას და ალბათ დაასრულებს თავის კარიერას ისე, რომ „ის აუცილებელი“ იღბლიანი  შანსი არ ეძლევა, ან ეძლევა და ვერ, ან არ იყენებს. 

მე პირადად ძალიან გამიმართლა, რომ პირველივე მოწვევა, აშშ-ს არტ რეზიდენციიდან, რომელიც ჩემმა ახლა უკვე კოლეგამ და მეგობარმა გია იაშვილმა შემომთავაზა, იყო ზუსტად ის „გარდამტეხი მომენტი“, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 თვის განმავლობაში მარტო ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც Lakesade-Gallery-ში, ჩიკაგოში გაიმართა, უდიდესი გამოცდილება მივიღე. შემდეგ იყო იაპონია, კორეა, ჩინეთი, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, ხორვატია და ბევრი სხვა ჩემთვის საინტერესო ლოკაცია. 

• რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს თქვენს პროფესიას?

მგონი იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი პროფესია, რომ უარყოფით თვისებას პრაქტიკულად ვერც ვიხსენებ. ალბათ მხოლოდ ის, რომ კერამიკაზე მუშაობა და ზოგადად შემოქმედებითი სამუშაო სამწუხაროდ ბევრად უფრო დაფასებულია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში. ამიტომ არის ორი მხარე – შემოქმედებითი მხარე დაუფასებელია, ხოლო შემოქმედება კი კომერციასთან  შეუთავსებელი.