გაიცანით ბექა გვიშიანი, როგორც მოდის ისტორიული ნომრების კოლექციონერი

by Mary Bitchashvili

სიამოვნებით წარმოგიდგენთ კრეატიული სააგენტოს “არიალ ბოლდის” დამფუძნებელს, ბრენდ “ანუკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერსა და ისტორიული ჟურნალების კოლექციონერს ბექა გვიშიანს.

ჟურნალები ბავშვობიდანვე მაინტერესებდა და სხვადასხვა საბავშვო ჟურნალებს 3-4 წლის ასაკიდან ვაგროვებდი. ასაკის ზრდასთან ერთად, უფრო მეტად დამაინტერესა სხვადასხვა გამოცემებმა და მგონი არ არსებობს ქართული ჟურნალი და გაზეთი, რომლის ერთი ნომერი მაინც არ მქონდა შემიძენია, ზოგჯერ შინაარსზე მეტად ის მაინტერესებდა, თუ რა შრიფტებს იყენებდნენ, როგორ ჰქონდათ დაყოფილი გვერდები, რუბრიკები და ა.შ. ამჟამად, ჩემს კოლექციაში, დაახლოებით 1000-მდე ჟურნალია, რომლის დიდი ნაწილი ყუთებშია შენახული და თაროებზე მხოლოდ ყველაზე გამორჩეული ნომრები მაქვს, რომლებსაც დრო და დრო ისევ იმავე სიამოვნებით ვათვალიერებ როგორც ადრე. ბევრი მათგანი დღემდე არის ინსპირაციის წყარო – განსაკუთრებით Vogue Paris-ის 2000-იანი წლების ნომრები, რომლის ფოტოსესიები, ლეიაუთები და მთლიანად ჟურნალის ვიზუალური შეფუთვა ახლაც საინტერესო და განსაკუთრებულია. Buyers- თვის გადმოვალაგე ყველაზე გამორჩეული ნომრები, მაგრამ მანამდე, მოკლედ მოგიყვებით ჩემი ინტერესისა და კოლექციის შესახებ.

ჩემი ინტერესი მოდის სფეროს მიმართ სწორედ ჟურნალებიდან დაიწყო, 2008 წელს, ჯიხურში დავინახე რუსული Vogue-ს სექტემბრის ნომერი, რომლის ყდაზეც ანა სელეზნევა იყო, ფასი ეწერა 20 ლარი, მანამდე ჟურნალში მაქსიმუმ 2 ლარი თუ მქონდა გადახდილი, ცოტა დავფიქრდი ღირდა თუ არა 20 ლარი გადამეხადა ჟურნალში, რომელსაც წინასწარ ვერც ვათვალიერებდი, რადგან პარკში იყო შეფუთული და გახსნა არ შეიძლებოდა, “გავრისკე”, ვიყიდე და მანდ “დავიღუპე”!

ეს ნომერი რუსული Vogue-ის 10 წლის საიუბილეო გამოცემა იყო, შესაბამისად ბევრი საინტერესო სტატია და ედითორიალი ჰქონდათ მომზადებული, მაშინ მივხვდი, რომ ამ ჟურნალში რაღაც სხვა ხდებოდა, რაც ძალიან მიზიდავდა და ყველა სხვა ჟურნალი თუ გაზეთი, რაც მანამდე მქონდა წაკითხული, Vogue-თან შედარებით ჩემთვის არაფერს აღარ წარმოადგენდა. მეორე დღესვე მივბრუნდი იმავე ჯიხურთან და Vogue-ის წინა 2 თვის ნომრებიც შევიძინე, ჯიხურის თანამშრომელმა მითხრა, თუ მომდევნო თვეებშიც მომინდებოდა შეძენა, ჩემს ტელეფონის ნომერს ჩაიწერდა და როცა მიიღებდა დამირეკავდა, რადგან სულ 2 ან 3 ცალი ჰქონდა ხოლმე და ჩამოსვლის დღესვე უნდა მომესწრო შეძენა. ყოველი თვის ბოლოს მირეკავდა: „ვოგი მოვიდა“, მეც მაშინვე მივდიოდი და ვყიდულობდი.

ცოტა ხანში ინტერნეტში დავიწყე Vogue-ის სხვადასხვა გამოცემებზე ინფორმაციის მოძიება და აღმოვაჩინე, რომ რუსეთის გარდა ეს ჟურნალი კიდევ 20-მდე სხვადასხვა ქვეყანაში გამოდის, გარდა ამისა, იქვე შევამჩნიე: Harper’s Bazaar, W Magazine, V Magazine და ბევრი სხვა. ყველაზე მეტად (და ყოველთვის) ფრანგული და იტალიური Vogue-ის ყდები და ფოტოსესიები მომწონდა, მაშინ გავიგე პირველად სახელები: Carine Roitfeld, Mert & Marcus, Mario Testino, Steven Meisel, Anna Wintour, Franca Sozzani. უცხოურ ფორუმზე დავრეგისტრირდი, სადაც მოდაზე და ჟურნალებზე მიმდინარეობდა ხოლმე დისკუსია, მეც ჩავერთე განხილვებში, მაგრამ მხოლოდ JPG ფაილების ნახვა აღარ მაკმაყოფილებდა და მომინდა ფრანგული, იტალიური, იაპონური გამოცემებიც შემეძინა.

საქართველოში რუსულის გარდა, არცერთი გამოცემა არ იყიდებოდა და ისევ იმავე ფორუმზე აღმოვაჩინე ამერიკელი ბიჭი, რომელიც ebay-ზე ყიდდა სხვადასხვა გამოცემებს. მალე ჩემი დაბადების დღე მოდიოდა და გადავწყივიტე საკუთარი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და შემერჩია Vogue Paris-ის რამოდენიმე ნომერი, რომელიც ყველაზე მეტად მსურდა (იმ დროს თარიღს და სიახლეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველა ნომერი თავისებურად გამორჩეული იყო). მოველაპარაკე ამ ბიჭს, რომ როგორც კი რამოდენიმე კვირაში 18 წლის გავხდებოდი და საბანკო ბარათის აღების საშუალება მექნებოდა, მაშინვე შევიძენდი. დაიწყო დაუსრულებელი ლოდინი და თითქმის ყოველდღიური რეკვა ფოსტაში, იმის გასარკვევად შემთხვევით ხო არ ჩამოვიდა ჩემი ამანათი, ოპერატორი უკვე ხმაზე მცნობდა და პირდაპირ მეუბნებოდა პასუხს “გვიშიანის ამანათი არ ჩამოსულა, არააა”. დაახლოებით 1 თვის შემდეგ როცა უკვე მეგონა, რომ ამანათი დაიკარგა და უკვე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ შემეძლო იგივე ნომრების თავიდან ყიდვა, თავად დამირეკეს ფოსტიდან და მითხრეს, “რაღაც წიგნები მოვიდა შენს სახელზეო”. FINALLYYYYY!!!!!!!!!

VOGUE PARIS FEBRUARY 2008 : KATE & NAOMI BY MERT & MARCUS
VOGUE PARIS APRIL 2008 : KATE MOSS BY INEZ & VINOODH

VOGUE PARIS SEPTEMBER 2008 : ANNA SELEZNEVA BY MERT & MARCUS

არც მახოვს თითოეული ნომერი რამდენჯერ დავათვალიერე, სტატიები ვერ წავიკითხე (ფრანგულის არ ცოდნის გამო), მაგრამ ყველა ის ედითორიალი და ქამფეინი ბევრად საინტერესო იყო ვიდრე ნებისმიერი სტატია – Inez & Vinoodh, Mert & Marcus, David Sims, Carine Roitfeld, Fabien Baron, Emmanuelle Alt – ყველგან ეს სახელები ეწერა (და შრიფტიც კი, რითაც ეს სახელები ეწერა განსაკუთრებულად ლამაზი იყო) და მაშინ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ამდენი ადამიანი ერთი ჟურნალის შესაქმნელად.

ამ 3 ჟურნალს კიდევ მოყვა სხვა 3, 5, 10, 50 და 6-7 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ახალ ჟურნალს ვყიდულობდი, ყველგან და ყოველთვის ვეძებდი სხვადასხვა გამოცემებს – ბევრჯერ გამითენებია ღამე, რომ Ebay-ზე რაღაც კონკრეტული ჟურნალის აუქციონი მომეგო, იაპონურ
Amazon-ზე ვეძებდი გადამყიდველებს, რომლებსაც იშვიათი ნომრები ჰქონდათ. როცა საზღვარგარეთ ვმოგზაურობდი, ჩასვლისთანავე ჟურნალების მოსაძებნად მივდიოდი – ვმდგარვარ Colette-ის დიდ რიგში, წვიმაში, რომ i-D Magazine შემეძინა, რომელიც მხოლოდ იქ იყიდებოდა და სულ 30 ცალი იყო, ასევე ვიყავი სტამბულში, მატარებლის ძველ სადგურში, სადაც ჟურნალების ძველ ნომრებს კილოობით ყიდდნენ.

ზოგჯერ შეიძლება იმდენად არ მომწონდა ყდა ან კონტენტი, მაგრამ არ მინდოდა რომელიმე ნომერი გამომეტოვებინა და ჩემს კოლექციაში ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულიყო, რაღაც მომენტში ეს ყველაფერი, კოლექციონერებისათვის დამახასიათებელი აზარტი გახდა. ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ, რომ თუ სადმე წავიდოდნენ, საჩუქრად მხოლოდ ადგილობრივი ჟურნალები უნდა ჩამოეტანათ – ასე დაგროვდა ჩემს კოლექციაში ჩინური, იაპონური, ბერძნული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, მექსიკური გამოცემები.

VOGUE CHINA FEBRUARY 2011 : GISELE BUNDCHEN BY PATRICK DEMARCHELIER

AMERICAN VOGUE SEPTEMBER 2007 : SIENNA MILLER BY MARIO TESTINO

ეს არის ალბათ ჟურნალების ისტორიაში ყველაზე ცნობილი ნომერი, რომლის შექმნაზეც დოკუმენტური ფილმია გადაღებული (The September Issue) და ეს ნომერი ყველა კოლექციონერისთვის განსაკუთრებულია.

 

VOGUE PARIS MARCH 2011 : SASKIA DE BRAUW BY MERT & MARCUS

კარინ როიტფილდის რედაქტორობით გამოშვებული ბოლო ნომერი (რომელიც 2010 წლის ბოლოს დაითხოვეს ჟურნალიდან). მისი რედაქტორობის წლები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გამორჩეულ ეპოქად ითვლება ზოგადად მოდის ჟურნალების ისტორიაში.

Vogue Italia ხშირად ეხმაურებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და Steven Meisel-ის გენიალური ფოტოსესიები ყოველთვის განსაკუთრებული ირონიით (და სილამაზით) გადმოსცემდა დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ – იქნებოდა ეს პლასტიკური ქირურგიის ტრენდი, ნავთობის გაჟონვა თუ სოციალური მედიის როლის ზრდა. ეს სამივე ნომერი Ebay-ის აუქციონებზე მაქვს შეძენილი.

VOGUE ITALIA JULY 2005 : LINDA EVANGELISTA BY STEVEN MEISEL
VOGUE ITALIA JULY 2008 : JOURDAN DUNN BY STEVEN MEISEL
VOGUE ITALIA DECEMBER 2009 : SUPERMODELS BY STEVEN MEISEL

დრო და დრო, ყოველთვიური გამოცემები უფრო და უფრო უინტერესო ხდებოდა და ძირიდადად გადავერთე სეზონური გამოცემების კითხვასა და შეგროვებაზე: Self Service, i-D, Dazed, 032c, Antidote, Purple, AnOther, Mastermind და ა.შ.

SELF SERVICE FALL 2011 : ARIZONA MUSE BY ALASDAIR MCLELLAN
DAZED & CONFUSED JULY 2011 : BEYONCE BY SHARIF HAMZA

i-D 30TH ANNIVERSARY AUGUST 2010 : KATE MOSS BY NICK KNIGHT

ადრე ბლოგი მქონდა, სადაც ჟურნალების ყდებსა და ფოტოსესიებზე ვწერდი. ცოტა ხანში, LOVE Magazine-ის რედაქტორმა, Katie Grand-მა შეამჩნია ჩემი ბლოგი და თანამშრომლობა შემომთავაზა – მათი საიტისთვის, იმ წლის სექტემბრის ნომრების მიმოხილვა უნდა დამეწერა და საჩუქრად / ანაზღაურებად LOVE-ის იმ დრომდე გამოსული ყველა ნომერი გამომიგზავნა. ეს იყო დაახლოებით 15 კილოიანი ამანათი, რომელიც ნებისმერ ანაზღაურებაზე მეტი იყო ჩემთვის.

LOVE MAGAZINE SS 2009 : BETH DITTO BY MERT & MARCUS

მერე, როცა მოდის ინდუსტრიაში თავად დავიწყე მუშაობა, უფრო მეტად დამაინტერესა ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა მაგალითად Industrie, სადაც ზუსტად იმ ადამიანების შესახებ წერენ, ვინც დგანან წარმატებული ბრენდების, ჟურნალების, ედითორიალების, თუ მაღაზიების უკან და ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათი გამოცდილების გაცნობა.

INDUSTRIE SS 2011 : MERT & MARCUS BY MERT & MARCUS

BOF-იც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საჭირო გამოცემაა ინფორმაციის მისაღებად, თან პრინტ ვერსიაში ისეთი სტატიებიცაა რაც დიდი ხნის მანძილზე ონლაინში ხელმიუწვდომელია.

BOF N 6, FEBRUARY 2016: DEMNA GVASALIA

W MAGAZINE MARCH 2012 – KATE MOSS BY STEVEN KLEIN
ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ლამაზი ყდა, BECAUSE OF KATE!

PLAYBOY 60TH ANNIVERSARY: KATE MOSS BY MERT & MARCUS

ერთადერთი PLAYBOY ჩემს კოლექციაში, ისიც ისევ, BECAUSE OF KATE!

Photographed by Marc Medina for “Fucking Young”

Cover Picture Photographed By Adam Katz Sinding