გრიგორ დევეჯიევ

by Mary Bitchashvili

თავდაპირველად იყო მოდის ფოტოგრაფია

თავიდან გადავწყვიტე, რომ ვარ მოდის ფოტოგრაფი იმიტომ, რომ მე მოდა მაინტერესებდა. ძალიან ბევრი მცდელობა იყო – სხვადასხვა დიზაინერებთან კონტაქტი. მახსოვს რა რთულად მოვიპოვე საშვი რამოდენიმე ჩვენებაზე. მაშინ არ არსებობდა კვირეულები – არც მოდის და არც ხელოვნების. მოვხვდი ერთ-ერთ ჩვენებაზე და ეს იყო მგონი პირველი და უკანასკნელი ბექსთეიჯის გადაღება. შიგნით მოვხვდი და დავინახე ყველაფერი. ფოტოები გამოვიდა საკმაოდ კარგი. როგორ გადავიღე არ ვიცი, რადგან არც შუქი ვიცოდი, არც manual ფუნქცია. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან ბევრი შემოთავაზებები სხვადასხვა მხრიდან. მაშინ იყო სოციალური პლატფორმა myspace და ძალიან მოდური იყო ფოტოების გადაღებისთანავე ატვირთვა. ვურჩევ ყველას, რომ ეს არ ქნან, რადგან დამღუპველია.

PLAYBOY

დავთანხმდი ფლეიბოიზე.მგონი ეს ჟურნალი საქართველოში 2007 წელს შემოვიდა. თვითონ გამოვიდნენ ჩემთან კონტაქტზე და მაგ დროს მივხვდი, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მოვხდე იქ, სადაც შემიძლია, რომ სოციალურად მოვწამლო ადამიანები ჩემი არსებობით. ეს იყო აბსოლიტურად მარკეტინგული სვლა. ჩემს კარიერაში გადაღებული მყავს შიშველი ადამიანი ალბათ ორჯერ, რადგან ვთვლი, რომ ჩემთვის ჩაცმული ადამიანი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე შიშველი. მე არ ვიყავი ფოტოგრაფი. მე ვიყავი ადამიანი, ვისაც ჰქონდა დიდი მიზანი და სულ მქონდა იმაზე პრობლემა, რომ არ დაწეროთ ფოტოგრაფი, მე ვარ მოდის ფოტოგრაფი. პროდიუსერები მეკითხებოდნენ – „ფოტოგრაფი მოდის?“. და მე ვპასუხობდი „ჰაჰა არა ქალბატონო „მაია“ მე ვარ მოდის ფოტოგრაფი.
ხო ხვდებით სად ვიყავით?
ჩემი და ფლეიბოის თანამშრომლობა იყო აბსოლიტურად დაგეგმილი კომერციული სვლა.მე მქონდა 3 შეხვედრა და ვერც ერთხელ ვერ შევთანხმდით. მე არ მომეწონა კონცეფცია. იყო ძალიან ბევრი ხორცი და არაფერი სხვა ირგვლივ. მეორე შეხვედრაზე ჩვენ ვერ შევთანხმდით ხელფასზე იმიტომ, რომ მე მივედი კონკრეტული ციფრით, რაც იყო 1000$ თვე. მესამე შეხვედრაზე შემომთავაზეს 6 თვიანი კონტრაქტი. ფაქტია, რომ მეოთხე შეხვედრაზე შედგა ჩვენი თანამშრომლობა და პირველი ნომერიც გავაკეთეთ. ბრენდს დაემატა სკანდალი იმიტომ, რომ სკანდალის გარეშე მაგ დროს საერთოდ არაფერი არ ხდებოდა.

ადამიანი, როგორც ბრენდი – ჯიჯი რეჯინი

მივხვდი, რომ მაგ დროს იყო საჭირო კონკრეტული პერსონაჟის შექმნა, რომელსაც ჰქონდა აბსოლიტურად სხვა ინტერესები, სხვანაირად ჩაცმული. ადამიანი, როგორც ბრენდი – ასე შევხედე მე ამას.გადავდე ყველაფერი, მაგ დროს დავკარგე ბევრი რამ და რეალურად ძალიან ბევრ რისკზე წავედი.არ ვნანობ. ეხლა რომ გადახედო ძველ ჩანაწერებს ხვდები, რომ ეს აბსოლიტურად სხვა ადამიანია – სახელიდან დაწყებული თმის ღერით დამთავრებული იყო მოგონილი, მოფიქრებული და გადაწყვეტილი პერსონაჟი. ორი სიტყვა, რომელიც ძალიან მოუხდა ერთმანეთს – Jiji Rejini. შემდეგი ნაბიჯი იყო გარეგნობა, რომელიც იყო რეიტინგული. მე აბსოლიტურად გაუგებარი ვიზუალით, შავი თმით, სპეციფიკური ჩაცმით – რა თქმა უნდა ყველა ტელევიზიას უნდოდა ასეთი გმირი იმიტომ, რომ ეს რეიტინგი იყო გადაცემის. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი. როგორც კი მივდიოდი გადაცემაში მე ვქმნიდი შოუს.

სოფია ჭყონია

საბედნიეროდ აღმოჩნდა ადამიანი – სოფია ჭყონია, რომელმაც იცოდა რა არის მოდის ფოტოგრაფი, რა არის მოდა. იმ დროს უკვე იყო ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი და სოფია იყო ძალიან აქტიური მოდის სფეროში. ამ მომენტში ჩვენ დავიწყეთ ერთად მუშაობა. მოდის კვირეულებამდე იყო უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა მოდას. ჯერ იყო მოდის ფოტოგრაფია და მერე იყო კვირეულები. იყო – BE NEXT, ART GEORGIA და უამრავი სხვა კაფსულა პროექტები, რომელიც ეძღვნებოდა თავიდან ბოლომდე მოდას. არ მინდა მცდარი აზრი გაუჩნდეს ვიღაცას, რომ მოდა ეხლა დაიწყო აქ, არა, ძალიან დიდი  ხანია ჩვენ ვართ ამ სფეროში. ნელნელა ეს ყველაფერი გადაიზარდა უკვე რა თქმა უნდა მოდის კვირეულში. სოფიას გაუჩნდა იდეა და შესაბამისი რესურსი გაეკეთებინა უკვე საერთაშორისო მოდის კვირეული.

2
BENEXT2014
1
BENEXTPARIS

თბილისის მერსედეს ბენც მოდის კვირეული

რეალურად ნულიდან დავიწყეთ იმიტომ, რომ აბსოლიტურად სხვა სისტემა შემოვიტანეთ თუნდაც დიზაინერებთან მუშაობაში. დიზაინერს არ ჰქონდა იმის ინფორმაცია, ან ჰქონდა უბრალოდ ფიქრობდნენ, რომ არ არსი საჭირო ვიზუალი. შოუ შოუსთვის იყო, „ მოდი გავაკეთოთ კოლექცია, ტაში! და მერე გავყიდოთ.” შენ თუ კოლექციას ქმნი, შენ ქმნი კონკრეტული ბაზრისთვის და მანამდე ბაზარს სჭირდება კონკრეტული მასალა – ვინ ხარ, რა ხარ, რატო ხარ. უცბად გაჩნდა თემა ბრენდის ფილოსოფიაზე. თურმე ბრენდს უნდა ჰქონდეს თავისი ფილოსოფია, ხედვა. მუშაობის საერთაშორისო პრინციპი შემოვიტანეთ საქართველოში. პროფესიები კვდებოდა, ფოტოგრაფები ვერ ცხოვრობდნენ, შემოსავლის წყარო არ იყო. კონკრეტული შემოთავაზებები იყო ასეთი – „ლამაზი გოგო ვარ, მოდი ფოტო გადამიღე.” ძირითადად ფოტოგრაფები ცხოვრობდნენ ესეთი ლამაზი გოგოების პორტფოლიოებით. დიზაინერს რატომღაც ჰქონდა მცდარი წარმოდგენა, რომ ფოტოგრაფს უნდა უნდოდეს მუშაობა და გადაღება.ძალიან რთული პერიოდი იყო იმიტომ, რომ რეალურად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა იმის ახსნაში, რომ „ იცით რა? თქვენ ამაში ფული უნდა გადაიხადოთ“ ეს ერთი და მეორე „ დროულად უნდა გადაიხადოთ“. მგონი რეგულაცია მოვახდინეთ.


დღეს ქართული მოდა მზად არის იმისთვის, რომ იყოს ზუსტად იმ საფეხურზე, რა საფეხურზეც არის საერთაშორისო მოდა, უბრალოდ გვაკლია ფინანსები,მაგრამ მცდელობაზე მეტია ეს ყველაფერი. დიზაინერი მუშაობს 24 საათი, ზოგი ბრენდი აკეთებს 4 კოლექციას, ბევრ კომპანიას და ბრენდს აქვს უკვე ისეთი კონტრაქტები, რომელიც არ აქვს მსოფლიოში ნაცნობ ბრენდებს. რისი თქმა მინდა, ქართული მოდა მზად არის იმისთვის, რომ წავიდეს კიდე უფრო წინ და ჩემი აზრით Mercedes Benz Fashion Week Tbilisi ამისთვის აკეთებს ყველაფერს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-თან ურთიერთობა იმიტომ, რომ მე ვიყავი კრეატიული დირექტორი, რაც იყო პირველ რიგში პასუხისმგებლობა და მერე უკვე იმ რაღაცეების სწავლა, რაც არ ვიცოდი რეალურად, ასევე დროის მენეჯმენტი, ადამიანებთან ურთიერთობა, ბევრ ხალხთან ერთდროულად კონტაქტი მშვიდად. ფაქტია, რომ რეალური გამოცდილება მივიღე, რის შედეგადაც შემიძლია უკვე რაღაცეების კონტროლი.
თბილისი პატარა ქალაქია, მითუმეტეს მოდის სექტორი. გავრცელდა უაზრო ჭორი, რომ მე და სოფიას შორის განხეთქილება იყო. ეს სისულელეა, რადგან ამ ადამიანთან მაკავშრებს არა მარტო მოდის კვირეული, არამედ 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მეგობრობას არ შევეხები, რადგან თავისთავად ცხადია, რომ ეგ მოყვება ამ ყველაფერს. ასე რომ, დღესაც ვთანამშრომლობთ, უბრალოდ სხვა სისტემით, განხრით და მიმართულებით.

ჟურნალი ამარტა

კარიერა, როგორც ფოტოგრაფის დავიწყე პრინტით. ეს ძალიან დიდი პლიუსია პირველ რიგში ფოტოგრაფისთვის იმიტომ, რომ ზუსტად იცი რას იღებ. ჩემი მიზანი, მაგ დროს იყო ჟურნალი AMARTA. მაგ პერიოდში და ეხლაც ამაზე უკეთესი ხარისხი საქართველოში არ არსებობდა. ვიღაც თუ ოცნებობობდა VOGUE-ზე და სხვადასხვა მოდურ ჟურნალებზე ჩემი მიზანი იყო AMARTA. ალბათ. თავიდანვე ვიცოდი ჩემი კომფორტის ზონა, მე ვიცოდი, რომ მე მინდოდა თბილისი. AMARTA-ში მუშაობა ერთ-ერთი მთავარი ეტაპი იყო. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაღაცას ქმნის, აქვს შინაგანი ამბიციები, საფეხურებივით არის, ჰოპ! ერთი ეტაპი მეორე ეტაპი. ამარტა იყო ერთ-ერთ ეტაპი. ყველა ყდა იყო ყოველთვის გაკეთებული ექსკლუზიურად ამარტასთვის, მაგრამ არა საქართველოში შექმნილი. კონტენტი იყო ნახევრად ქართული, ნახევრად საერთაშორისო ექსკლუზივები, მაგრამ ყდა უკვე ჩემს მერე გახდა ქართული. მე დღემდე ვაგრძელებ თანამშრომლობას ამ ჟურნალთან.

სერგო ფარაჯანოვი

2010 წელი იყო, როცა გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა გამოფენა. შთაგონების წყარო იყო სერგო ფარაჯანოვი. ამ ადამიანის მიმართ ყოველთვის მქონდა ჩემი დამოკიდებულება. მიყვარდა, მომწონდა, ეხლაც მიყვარს და ეხლაც მომწონს. არ მახსოვს პროცესი თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეს იყო უძილო 1 თვე. მაგრამ მანდ მოხდა ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა – აღიარება. არა ტელევიზია, არა ინტერვიუ ა-ღი-ა-რე-ბა. მივიღე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ერთი, პირველი და უკანასკნელი გამოფენა. ეს ემოცია რაც მაშინ განვიცადე მეყო. პირველი ქართული ყდა ამარტასი ჩემი, ეს ერთი. ფარაჯანოვი და აღიარება, ეს მეორე.

Window Project

მივხვდი, რომ ჯიჯი რეჯინის დროც ამოიწურა. 1 წელი იყო აბსოლიტური პაუზა. მე არ მიმუშავია არსად, არ გამიკეთებია არაფერი. სხვანაირად არ გამოდიოდა გადალაგება „მე არ დამიძახოთ Jiji მე Grigor ვარ Devejiev. ყველაზე კარგი საშუალება ამ პერიოდისთვის იყო Window Project ღვაბერიძის და პოპიაშვილის, სადაც ვთქვი, რომ აქ მჭირდება მე ჩემი ერთი ნამუშევარი. ძალიან მარტივად დავუკავშირდი ირინას. მე არ ვიცნობდი ადამიანს. მე ვამბობ, რომ ადამიანებს უნდა შესთავაზო შენი თავი, ეს კარგია, მისაღებია. მოეწონა იდეა, შევთანხმდით თარიღებზე, გამიხარდა. მე მინდოდა შედეგი. რეზულტატი, რომელიც იქნებოდა მალე და რაც მთავარია კარგი.

2
Guram Kapanadze-1
1
Guram Kapanadze1

JAM Project – LAUNCHING SOON

JAM Project არ არის ერთი ადამიანი, ხელოვანი, რომელიც წარმოადგენს რამეს. ეს არის ჯგუფი, სადაც სამნი ვართ და მომავალში იქნება 4-5. ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც გვაქვს საერთო ხედვა და სასაუბრო ენა, რაც მთავარია. ერთი რაღაც კონკრეტული მისია, რომელიც არ არის დღეს მოფიქრებული და გადაწყვეტილი. მიზანი არ არის კონკრეტულ არტისტებთან კოლაბორაცია. ეს მოხდება აბსოლიტურად სხვადასხვა ადამიანებთან, სოციალურ გმირებთან, მუსიკოსებთან. ეს არის საუბარი ბევრ საინტერესო ადამიანთან.

JAM Project-ის გუნდი: @grigor.devejiev, @merab_chumburidze, @mashamariailchenko