პასტელური ფერების ვარიაციები – Idée Fixe
ნათელი, ზაფხულის ფერები იყო ის, რაზეც თავიდან ვფიქრობდით. ჩვენ გადავწყვიტეთ წაგვეყვანა მატილდა ზღვის პირას წინასწარ დაგეგმილი ადგილის გარეშე, არც მაკიაჟსა და თმაზე გვიფიქრია ან პროფესიონალ ფოტოგრაფზე. სწორედ ამ თავისუფალ გარემოსა პირობებში შევძელით ეს გადაგვეღო.
ამ სეზონზე ჩვენ ბრენდს ახალი მიმართულებით დავამატეთ ნივთები. ყოველთვის გვინდოდა შეგვექმნა სამოსი, თუმცა სხვადასხვა მიზეზები, მათ შორის ფინანსურიც ამის საშუალებას არ გვაძლევდა. ამ სეზონზე ვფოკუსირდით რამდენიმე ძირითად ნივთზე, რაც საბოლოოდ ნათელი, ელეგანტური და სადა გამოვიდა. ზოგიერთი ნივთი ლიმიტირებული რაოდენობით გვაქვს, რადგან ქსოვილის რაოდენობაა შეზღუდული. გვაქვს ამ ეტაპზე რამდენიმე ფერი: პასტელური ლაიმისფერი მწვანე, მკვეთრი გარგარისფერი, იასამნისფერი, ვარდისფერი და off-white.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნივთი ძალიან სადაა, ჩვენ თვეზე მეტი დაგვჭირდა მიგვეღო სხეულზე დამდგარი იდეალური ფორმა.
ჩვენ სხვადასხვა ფერის ვარიაციით დავამატეთ სანდალი Morocco: ღია ცისფერი კრემისფერთან და ღია ცისფერი მწვანესთან ერთად. ისინი მორჩენილი ტყავისგან არის დამზადებული, ხოლო ძირი ნატურალური ხეა.
მოდელი Margot-ს შეძენა შესაძებელია ღია ცისფერსა მბზინავ ლაჟვარდოვან ცისფერში.
სიახლე არის ასევე ის, რომ მოდელი Margot-ს ხარისხი უფრო დავხვეწეთ, რაც ეხება ქუსლსა და გარე დამუშავებას. ახალი მოდელები გვაქვს სამ ფერში: თეთრი, შავი და nude.
მოწნული ჩანთების იდეა მოწნული ავეჯისგან გაგვიჩნდა. ეს მოდელი გვაქვს როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის.
ის ტექნიკა, რასაც ავეჯის მოწვნის დროს იყენებენ, თითქმის უცვლელად გამოვიყენეთ. მიუხედავად კორონა ვირუსის პანდემიისა, რამაც დრო და რესურსები დამატებით წაიღო, ჩვენ შედეგებით მაინც კმაყოფილები ვართ.
ჩვენ ხშირად გვეკითხებიან რა მხრივ ვართ მდგრადი კონცეფციის ბრენდი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მხოლოდ შეკვეთის შემდეგ ვიწყებთ პროდუქციის დამზადებას, ეს იქნება კონკრეტული ადამიანის თუ კონცეპტუალური მაღაზიის შეკვეთა. ვცდილობთ ადგილობრივად მოვიძიოთ ქსოვილები და დავამზადებინოთ ადგილობრივ პროფესიონალებს, ვისაც წლების გამოცდილება აქვთ ამ სფეროში.
ჩვენ ასევე ვეცადეთ არატრენდული და არა კონკრეტული სეზონის შესაბამისი ნივთები შეგვექმნა. ეს ნივთები შეიძლება იყოს როგორც ამ ზაფხულის, ასევე შემდეგი ზაფხულის ნაწილი. ვიმედოვნებთ, ისინი ნებისმიერი ადგილისა და დროისთვის შესაბამისი იქნება.
მოდელი: მატილდა გვარლიანი