BUYERS Mag X თიბისი სტატუსი – Miami Ad School Tbilisi

by Elene Meskhia

თბილისში, თიბისისა და თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორობით, მარკეტინგისა და სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა – Miami Ad School Tbilisi გაიხსნა.  Miami ad School ქსელია, რომელიც თბილისის გარდა კიდევ 15 სკოლისგან შედგება. სკოლა 1993 წელს, მაიამიში დაარსდა. ეს არის მაღალი რეპუტაციის მქონე სკოლა, მთლიანად პრაქტიკაზე მორგებული მოდელით. სტუდენტები Miami Ad School Tbilisi ში ქოფირაითინგსა და არტ-დაირექშენს შეისწავლიან.

პროგრამა 2 წლიანია. პირველ ორ კვარტალს ანუ ნახევარ წელს,   სტუდენტები თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ისწავლიან, შემდეგ კი სწავლას ბერლინში გააგრძელებენ. როგორც Miami Ad School Tbilis-ის დამფუძნებელი – გიორგი პოპიაშვილი ამბობს, ამით დაკომპენსირდება ის დანაკლისი, რასაც სტუდენტები აუცილებლად იგრძნობდნენ, თუ მხოლოდ თბილისში ისწავლიდნენ.

ბერლინის შემდეგ თბილისში დაბრუნებამდე სტუდენტები კიდევ ორ კვარტალს ან მაიამი ედ სქულის სხვა ფილიალში გაატარებენ, ან პრაქტიკებს გაივლიან პარტნიორ სააგენტოებში. მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდებიან თბილიში. ადგილობრივ სააგენტოში გაივლიან პრაქტიკებს და ბოლო, მე-8 კვარტალში პორტფოლიოზე მუშაობას დაასრულებენ. პორტფოლიოს შექმნის პროცესში სტუდენტი მენტორთან ერთად დააამუშავებს, შეკრავს და საბოლოო სახეს მისცემს იმ პროექტებს, რასაც ამ ორი წლის განმავლობაში შექმნის.

როგორც თიბისის ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი – კოკა ქამუშაძე Buyers-თან საუბრისას აღნიშნავს, Miami Ad School-ის საშუალებით, ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიები, ერთად კარგად დატრენინგდებიან და ხელს შეუწყობენ ამ მიმართულებით, როგორც ქართველი ლექტორების, ისე სტუდენტების განვითარებას.

„ზოგადად, თვითონ კრეატიული ინდუსტრია თიბისის ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Miami Ad School ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა კრეატიულ ინდუსტრიაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა შემოქმედებითი მიმართულებით, რომელიც ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს ქართული ბაზრისთვის. ქართულმა გუნდმა როგორც კი მოლაპარაკებები დაიწყო საერთაშორისო სკოლასთან, იმ მომენტიდან ჩართულები ვართ მთლიან პროცესში. ერთი მხრივ, ქართველი ლექტორები, მეორე მხირვ კი ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები განვითარდებიან.“

რას ისწავლიან სტუდენტები უნივერსიტეტში?

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ Miami Ad School Tbilisi-ში ქოფირაითინგი და არტ-დაირექშენი ისწავლონ. დღესდღეობით, ეს ორი მიმართულება მსოფლიოში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

ეს ორი პროფესია ქმნის და ფარავს ყველაფერს, რასაც მარკეტინგის სფეროში “კრეატივს” ეძახიან. ამ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ორივე პროფესიის მთავარი ფუნქცია საინტერესო და რელევანტური საკომუნიკაციო იდეების გენერირებაა. კომუნიკაცია კი ყოველთვის ან ვერბალურია ან – ვიზუალური, ანაც – ორივე ერთად. არტ-დირექტორი არის ადამიანი, ვინც ვიზუალებით ფიქრობს, ვიზუალებში ეძებს მიგნებებსა და მესიჯებს, ხოლო ქოფირაითერის ინსტრუმენტი ენა და სიტყვებია.

Miami Ad School-ის კურსდამთავრებულები სარეკლამო სააგენტოებსა და ინდუსტრიებს დააინტერესებთ. მათ სჭირდებათ ადამიანები,რომლებიც კარგად იცნობენ ხალხს, კულტურას; ვისაც შეუძლია მარკეტინგის დირექტორებს ახალი იდეები წარუდგინონ.

Miami Ad School Tbilisi-ში ქოფირაითინგისა და არტ-დაირექშენის სწავლის შემდეგ, გასაუბრებაზე თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ „დიახ, გამოცდილება გაქვთ“.

Miami Ad School Tbilisi-ს დამფუძნებელი – გიორგი პოპიაშვილი ამბობს, რომ პირველ წელს სტუდენტები სწავლის რეჟიმში გაატარებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ თეორიულ ნაწილს დაეუფლებიან. მისი თქმით, სტუდენტები რეალურ, კრეატიულ პროცესებში იქნებიან ჩართულები, ექნებათ ბრიფები და მენტორებთან ერთად შექმნიან პროექტებს.

„Miami Ad School Tbilisi-ს ლექტორები არიან ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ შეხება აქვთ თანამედროვე ბრენდებთან და კრეატიულ ინდუსტრიასთან. სტუდენტებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში დაახლოებით 80-მდე პარტნიორ სარეკლამო კომპანიასთან, სადაც მათ პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. რა თქმა უნდა, მოთხოვნა და კონკურენცია დიდი იქნება და სტუდენტი თავისი GPA-თი და პორტფოლიოთი მოხვდება შესაფერის ადგილას.“

კითხვაზე, რთული იქნება თუ არა Miami Ad School Tbilisi-ში მოხვედრა, გიორგი პოპიაშვილი ამბობს, რომ ჩაბარება შეუძლია ყველას და არანაირი სპეციფიური მოთხოვნა სკოლას სტუდენტების მიმართ არ აქვს. თუმცა, საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო იქნება სწავლის პროცესი.

„Miami Ad School Tbilisi-ში მოხვედრა მარტივი იქნება, სწავლის პროცესი – რთული.  მთავარია, დროულად გამოგზავნოთ აპლიკაცია და იყოთ სრულწლოვანი.  სტუდენტებს ბევრი საგნის გავლა და ყველა ამ საგნის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოების შესრულება მოუწევთ. სტუდენტების დიდი ნაწილი სირთულეებს უფრო მეტად სწავლის პროცესში შეხვდებიან, ვიდრე ჩაბარების დროს“.

Cover by Saba Tsikolia