Buyers Mag – წიგნები წარსულიდან

by Mary Bitchashvili

თბილისში რამდენიმე დღეა ახალი საინტერესო ადგილი გაიხსნა, რამაც დეფიციტი კიდევ უფრო შეავსო თავისი საინტერესო კონცეფციით. ახალი მაღაზიის “წიგნები წარსულიდან” დამფუძნებელი ლიკა რუსაძე მოგვიყვება იდეის გაჩენის პროცესსა და მის განხორციელების გზაზე.

ჩემს ბავშვობაში საქართველოში წიგნების მაღაზია ხელოვნების შესახებ არ არსებობდა, სულ სამ მაღაზიაში თუ იპოვიდით პატარა თაროს, რომელიც არასდროს არ იცვლებოდა და ყოველთვის ერთი და იგივე წიგნები იყო დალაგებული. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვარ მხატვარი, ყოველთვის მჭირდება ინსპირაცია, ახალი ინფორმაცია, ძიება.. ამ ინფორმაციებთან წვდომა საქართველოში დიდად არ გვქონია. წიგნი კი ისეთ ინფორმაციასთან გვაძლევს წვდომას, რომ შეუძლებელია ეს რომელიმე ინტერნეტ საიტმა/გამომცემლობამ ჩაანაცვლოს. ამიტომ ჩემი საზღვარგარეთ მოგზაურობა ყოველთვის წიგნების მინიმუმ ერთი ჩანთით მთავრდებოდა. თავიდან წიგნების ყიდვა ხელოვნების სიყვარულით და ინტერესით დავიწყე.მაინტერესებდა მხატვრობა. არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ფოტოგრაფია, კინოინდუსტრია.. ახალ ინტერესებთან ერთად იზრდებოდა ჩემს პირად ბიბლიოთკაში წიგნების რაოდენობა.


დროთა განმავლობაში შევიძინე ცოდნა არამარტო ხელოვნებაზე, არამედ თვითონ წიგნებზეც. ვინმემ რომ მკითხოს, რა არის ჩემი მიზანი, ალბათ ვუპასუხებ, რომ  ისეთი სივრცის შექმნა მსურს, რომელიც საჭიროა საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის, სივრცის, რომელსაც მთელი ბავშვობა ვნატრობდი. ეს ყველაფერი ინსტაგრამ გვერდით დავიწყე. ფილმის სიუჟეტს გავს დაწყებაც და განვითარებაც. ერთ საღამოს სახლში ვისვენებდი, როცა ინსტაგრამ გვერდის გაკეთების იდეამ ჩამიქროლა გონებაში, იმ წამსვე ეს იდეა დავიჭირე და რამდენიმე წუთში უკვე გვერდი მქონდა შექმნილი სახელით – Books From Past. ჩემი ბიბლიოთეკიდან ავარჩიე რამდენიმე წიგნი, ღამის პირველ საათზე გადავუღე და დავდე ჩემი პირველი წიგნის ფოტო, საშინელი განათების ფონზე, თუმცა ამ იდეამ უცებ ისე შემიპყრო, სხვა გზა არ მქონდა – უბრალოდ უნდა გამეკეთებინა და რეალობად მექცია. იმ საღამოს დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა ამ განვითარების გზა. თუმცა ინსტაგრამ გვერდი იმაზე სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

 

2
6T7A5374
1
6T7A5422

მესამე დღიდან უკვე მყავდა ჩემი პირველი მომხმარებელი, ერთს მალევე მოყვა მეორე, მეორეს მესამე და საბოლოოდ, ორ კვირაში ჩემს პირად ბიბლიოთეკას ოცზე მეტი წიგნი დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წიგნების დათმობა გამიჭირდა, ვხვდებოდი რომ ამ იდეისთვის ყველაფერს გავაკეთბდი, რაც დაჭირდებოდა, იმისთვის რომ რეალობად მექცია. საბედნიეროდ ორ კვირაში მქონდა დაგეგმილი ბერლინში მოგზაურობა, სადაც ჩემი ძმა უნივერსიტეტში არქიტექტურაზე სწავლობს,  ბერლინში სამი კვირის განმავლობაში მოვიარე ყველა (მგონი) ხელოვნების წიგნის მაღაზია. მე და ჩემი ძმა ყოველდღიურად ვაგროვებდით და ვარჩევდით წიგნებს სხვადასხვა მაღაზიებიდან. შეიძლება რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ ერთი მაღაზიიდან მხოლოდ ერთი წიგნით გამოვსულიყავით. ყველაზე კარგ შემთხვევაში 5-8 წიგნს თუ ავარჩევდით ერთ მაღაზიაში. ასე შევაგროვე და დავბრუნდი თბილისში 115 კილო წიგნებით.

2
6T7A5371
1
6T7A5396

ვიფიქრე რამდენიმე თვეს მეყოფოდა წიგნების მარაგი, სანამ ისევ ვესტუმრებოდი ჩემს ძმას ბერლინში. მაგრამ მოულოდნელად ინსტაგრამ გვერდის მომხმარებელთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. შევხვდი და გავიცანი უამრავი ადამიანი – მხატვრები, არქიტექტორები, ფოტოგრაფები, ხელოვნებათმცოდნეები.. მათთან პირადი კომუნიკაცია ძალიან დამეხმარა უკეთ გამეგო მომხმარებლის ინტერესები. მათგან ვგრძნობდი მხარდაჭერას და ეს მეტ მოტივაციას მაძლევდა – შემექმნა უკეთესი გარემო. მოთხოვნიდან გამომდინარე მივხვდი, რომ წიგნებისთვის საჭირო იყო ფიზიკური სივრცე. წიგნების მაღაზიასთან ერთად ვიფიქრე BOOKS FROM PAST ყოფილიყო ადგილი, სადაც არამარტო შეიძენდნენ წიგნებს არამედ დაათვალიერებდნენ და სივრცე ნაწილობრივ შეითავსებდა ბიბლიოთეკის ფუნქციას. და იმ ზაფხულს მე, დედაჩემმა და ჩემმა ძმამ დავიწყეთ ადგილის ძებნა.

4
6T7A5380
1
6T7A5377
2
6T7A5383
3
6T7A5386

სახლის ძიების პროცესში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ყველა კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი ადგილის პოვნა. ზოგი ალბათ იფიქრებს, რომ ამ კრიტერიუმთა სიაში უნდა ყოფილიყო გზიდან პირდაპირი შემოსასვლელიც, მაგრამ ვფიქრობ საპოვნელად რთული, დამალული ადგილები მეტ ხიბლს და მისტიურობას სძენს ადგილს. ვნახეთ რამდენიმე საინტერესო ადგილი, თუმცა ამ ბინაში შემოსვლისას ვიგრძენი რომ BOOKS FROM PAST ამ გარემოში ზუსტად ისე ჩამოყალიბდებოდა როგორც ჩემს წარმოდგენებში – ძველი თბილისური ბინა  (აშენებული 1937 წელს) დიდი ვიტრაჟებით, პატარა აივნით, ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩუმ და მშვიდ ადგილას. 

3
6T7A5416
1
6T7A5419
2
6T7A5417

ინტერიერში მაქსიმალურად ვცდილობდი გამომეყენებინა და შემენარჩუნებინა ამ ბინის ძველი დეტალები – ძველი ბუხარი, რომელსაც შემდეგ დავუმატე თანამედროვე დეტალები, აივნის ძველი მოაჯირები და ჭერი , ძველ ვიტრაჟებს გავუკეთეთ რესტავრაცია და დავუბრუნეთ პირვანდელი სახე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ BOOKS FROM PAST-ის კონცეფცია და სახლის ინტერიერი ერთმანეთთან აბსოლიტურ ჰარმონიაშია – ძველის შერწყმა ახალთან.

2
6T7A5408
1
6T7A5437

მაღაზია/კაფეში შემოსვლიდან იგრძნობა ისტორიის და წარსულის ნივთების პატივისცემა, თან ამავდროულად თანამედროვე ხელოვნებასთან და რეალობასთან მათი თანაარსებობა. BOOKS FROM PAST წიგნების კოლექციაც კი მსგავსი პრინციპით არის შექმნილი. თქვენ ჩვენს მაღაზიაში ნახავთ იშვიათ წიგნებს 1950 წლიდან დღემდე გამოცემულს, როგორც ახალს ასევე PRE-USED მდგომარეობაში, რომელიც ასეთ იშვიათ წიგნებს ხელმისაწვდომს ხდის. ეს წიგნები არის  მსოფლიოში ცნობილი ისეთ გამომცემლობების როგორიც არის TASCHEN, PHAIDON, THAMES&HUDSON, PENGUIN, TENEUES, ASSOULINE, RIZZOLI, GESTALTEN და კიდევ ათობით საინტერესო გამომცემლობა.  

ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი კონცეფცია დაეხმარება ნებისმიერ სტუმარს იპოვოს საკუთარი კომფორტის ზონა და შეიძინოს რაღაც ახალი, თუნდაც წარსულიდან…წიგნები შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ენაზე, მათ შორის: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. ფასი მერყეობს 15 ლარიდან 500 ლარის ჩათვლით.