ქეუ მეფარიშვილი / BUYERS – ის გუნდის წევრი

by Giorgi Wazowski


Buyers-ში გრაფიკული დიზაინერი ვარ. ზოგჯერ, ვიდეოს მონტაჟზეც ვმუშაობ, ადრე ვიდეოებსაც ვიღებდი. არის მომენტები, როცა ყველაფრის კეთება მიწევს, კედლის შეღებვიდან მაკიაჟის გაკეთებამდე. Buyers-ის გარეთ,  თავისუფალ დროს, ვიზუალურ ხელოვნებაზე ვმუშაობ. სხვადასხვა პროექტებს, ინსტალაციებს, სკულპტურებსა და ვიდეოებს ვქმნი.

ბოლო პერიოდია მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი ძალიან მიტაცებს. შესაძლოა, ცოტა გაბერილად ჟღერს, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი Sci-fi კონცეფციის მიმართ მაქვს. მინდა, სხვადასხვა მატერიალებით ვიზუალური და ემოციური ექსპერიმენტები ვატარო, რადგან ვფიქრობ, ხელოვნების განვითარება ფუტურისტული სამყაროსკენ მიდის.

ყველაზე ბედნიერი ბავშვობაში ვიყავი, ყველაზე კარგად ეს დრო მახსოვს. კონკრეტულ ლოკაციებთან ძალიან დიდი ნოსტალგია მაკავშირებს, შეიძლება, ზუსტად არც მახსოვდეს,  მაგრამ ქვეცნობიერად დალექილი მაქვს, რომ იქ ჩემი ცხოვრების გადამწყვეტი მომენტები გავატარე. დედაჩემი ბათუმელია, ამის გამო დიდ დროს ვატარებდი ბათუმში. ამ ქალაქთან რაღაც სიზმრისეული ნოსტალგია და სიყვარული მაკავშირებს, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩემს ქმნილებებზე და სწორედ იქ ყოფნის დროს ვარ კარგად. ზღვა ჩემთვის უტოპიური ჰორიზონტისა და უდარდელი ბავშვობის სიმბოლოა.

სუპერძალა – სულ მინდოდა, ტელეპორტაციის უნარი მქონოდა. თუ ჩემს ეგოისტურ მხარეს გამოვრთავ, ეს ალბათ არამხოლოდ ჩეთვის, არამედ სხვებისთვისაც კარგი იქნება, თუმცა ამაზე საუბარი ცოტა ბანალურია.

ჩემს თავს 7 წელიწადში კულტურის სამინისტროში ვხედავ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მე არ ვიყურები მომავალში, არამედ ვცდილობ, აწმყო დავხვეწო და მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ვფიქრობ, რომ წლების შემდეგ, ხალხს თმის ნოსტალგია ექნება. ინტუიციურად მგონია, ადამიანები ისე მოიშორებენ თმას სხეულზე, რომ საბოლოოდ ძალიან მოენატრებათ და ამის შესახებ ლეგენდებიც კი იარსებებს.

ფულსა და დროს რომ ძალა არ ჰქონდეს, რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ვიმოგზაურებდი. ჩემთვის ამ ორი ფაქტორის გარეშე სიცოცხლე აბსურდულია იმიტომ, რომ რაც უფრო ვიზრდები ორივე უფრო მეტად მჭირდება. ფული და დრო ყოველთის სასწორზე წარმომიდგენია, ან ერთი გაქვს ან მეორე.

ტექსტი: მარიამ მეტრეველი & ნუცა ჩუბინიძე
ფოტო: ბუბა ბებოშვილი