ნდობა ⚬ დაუცველობა ⚬ კავშირი – მარინა აბრამოვიჩი

 

მარინა აბრამოვიჩი ნიუ-იორკში მოღვაწე სერბი არტისტია, რომელმაც საკუთარი კარიერა 70-იანებში დაიწყო.
ათწლეულების მანძილზე წარმოიუგენლად დიდი შრომისა და საოცარი პერფორმანსების ჩატარების შემდეგ, აბრამოვიჩმა მიაღწია იმას, რაც მის ქმნილებებს კრედოდ გასდევს, მან წაშალა ზღვარი არტისტსა და მაყურებელს შორის და მათს გასაერთიანებელ ობიექტად საკუთარი თავი გამოიყენა.

 


1950-იან წლებში აბსტრაქტულმა ხელოვნებამ პოპულარობა დაკარგა, კანვასზე საღებავით შექმნილი ხელოვნება მოსაწყენი გახდა და არტისტებმა პერფორმანსების შექმნა დაიწყეს. იმართებოდა საკმაოდ მრავალფეროვანი პერფორმანსები, თუმცა მათი უმეტესობა თეატრალურობის განცდას ტოვებდა, მარინას საოცრად გულახდილი პერფორმანსები კი სამარისებული სიჩუმით და მტკივნეული რეალობის ფიზიკური აღწერით გახდა ცნობილი.

    

იუგოსლავიის დიქტატორულ რეჟიმში დაბადებულ და აღზრდილ მარინას ქმნილებებს იმდროინდელი რეჟიმისა და სიმკაცრის ლაქა ეტყობოდა. აბრამოვიჩის თვითგვემური, საშიში პერფორმანსები მისი სულიერი კათარზისისთვის ბრძოლის სიმბოლო იყო.

მარინას ერთ-ერთი ყველაზე სარისკო პერფორმანსი „რიტმი 0” 1974 წელს, ნეაპოლში შედგა. აბრამოვიჩმა მაგიდაზე 72 ნივთი დააწყო : დატენილი რევოლვერი, ტყვია, ნაჯახი, დანა, ძვალი, ყვავილი, ლურსმანი და ა.შ. წარწერის მიხედვით, მოსულ ხალხს პერფორმანსის ფარგლებში ამ ნივთებით არტისტის მოკვლის ჩათვლით ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ. დასაწყისში პუბლიკა პასიურობდა, თუმცა პერფორმანსმა დრამატული ხასიათი მალევე შეიძინა. ადამიანები მას ჭრილობებს აყენებდნენ, აშიშვლებდნენ, მოსავდნენ ხან მეძავის, ხანაც ღვთისმშობლის მსგავსად. არტისტის თქმით, მდედრობითი სქესი უშუალოდ არ მონაწილეობდა გვემაში, ქალები ცრემლებსაც წმენდდნენ მას, მაგრამ ამავდროულად მამაკაცებს სასტიკ ინსტრუქციებს ისინიც აძლევდნენ. პერფორმანსი 6 საათი გაგრძელდა.


2010 წელს, არტისტმა თავისი ყველაზე გახმაურებული პერფორმანსი – არტისტი აწმყოა – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩაატარა. პერფორმანსი სამი თვის განმავლობაში საგამოფენო სივრცეში ჯდომასა და სრულიად უცხო ადამიანების თვალებში ცქერას გულისხმობდა.  MoMA-ს ამ დროში 750 000-ამდე ვიზიტორი ესტუმრა და აქედან ათასზე მეტმა პერფორმანსში უშუალო მონაწილეობა მიიღო. მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები: ბიორკი, ჯეი ზი და უამრავი სხვა. მარინას თქმით, როცა გარშემო ფიზიკური სივრცე სავსეა ხალხით, ერთადერთი გზა, რომ მარტო დარჩე შენს შინაგან სივრცეში ჩაღრმავებაა, სწორედ ამიტომ ერთმანეთის პირისპირ ჯდომა და თვალებში ცქერა კომუნიკაციისთვის ყველაზე ეფექტური ხერხია.

 

მარინა და ულაი, მისი პერფორმანსების პარტნიორი. უამრავი წარმატებული ერთობლივი ნამუშევრის შემდეგ, როგორებიც იყო „ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა“, „ააა-ააა“, „სიმშვიდის ენერგია“, „ურთიერთობა მოძრაობაში“, მათი კოლაბორაცია 1988 წელს დასრულდა პერფორმანსით „დიდ კედელზე მსვლელობა“,
იქ დაშორების შემდეგ კი MoMA-ში მათი პირველი შეხვედრა შედგა.

მარინას საბოლოო პერფორმანსი მისი ინსპირაციის წყაროდ იქცა, მან გადაწყვიტა საკუთარი ინსტიტუტი შეექმნა, სახელად MAI, რომლის მიზანიც სხვა მრავალთან ერთად ახალი არტისტების პერფორმანსების აღმოჩენა, ხელშეწყობა და მათი პრემიერების დაგეგმარებაა.

ავტორი: ნუცა ჩუბინიძე