BUYERS X The Body Shop Georgia – ნათია ჩიქოვანის სამოტივაციო რჩევები

by Mary Bitchashvili

სახელი: ნათია ჩიქოვანი
პროფესია: მარკეტოლოგი / მოდელი

-მოგვიყევი შენი ყოველდღიური რუტინის შესახებ.

მოდი, სამუშაო დღეებზე მოვყვები, უქმეები, მაინც ყოველთვის განსხვავებულია. ვდგები 08:00 საათზე (ვცდილობ, რომ ეს დრო ნელ-ნელა გადავწიო და 07.00-ზე მაინც ავდგე), პირველ რიგში დილას თბილი ლიმონიანი წყლით ვიწყებ,
შემდეგ კატების ჯერი დგება, მათ მოვლა-პატრონობას რომ მოვრჩები, უკვე ჩემი დილის ჰიგიენა იწყება. ძალიან ვცდილობ მივეჩვიო ყოველ დილით ე.წ. Dry Brushing -ს , რომელიც ფანტასტიურია სისხლის მიმოქცევისთვის (და არა მარტო).
შემდეგ იწყება (თუ ვასწრებ) სმუზის მომზადება: ძირითადად მწვანე ბოსტნეული, გაყინული კენკრა (რომელსაც ზაფხულში ვიმარაგებ), ბანანი, ან სხვა სეზონური ხილი. ამას ემატება რესვერატროლის აბი და ფრაიმროუზის (ანუ
ფურისულას) ზეთის კაფსულა. ხანდახან ვხმარობ სხვადასხვა სუპერფუდებსაც. ძირითადად სპირულინას, მაკას ფხვნილს, ასაის კენკრას, გოჯის მარცვლებს, ჩიას მარცვლებს, ახლად დაფქვილ კაკაოს (თავად ვფქვავ ყავის საფქვავით) და ა.შ. როდის რა მაქვს და როდის რის ხასიათზეც ვარ. ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული ნამდვილად, თუმცა მხოლოდ ხილის, ბოსტნეულისა და წყლის სინთეზითაც შეიძლება ჯანსაღი სმუზის მომზადება.
სმუზის შემდეგ, ვიმზადებ ბრანჩსა და ლანჩს სამსახურში წასაღებად (თუ სმუზის დალევას ვერ ვასწრებ ბრანჩს სახლშივე მივირთმევ) და ვეშურები სამსახურისკენ.

18:30 საათზე იწყება ჩემი ვარჯიში. ძირითადად ვვარჯიშობ Barwis Methods -ის Stay Strong Class-ს, რომელსაც „შინაურულად“ Crossfit-ს ვეძახით. ხანდახან MMA-სკენაც ვიპარები და ძალიან მინდა ესეც ჩემი ვარჯიშის სტაბილურ ნაწილად ვაქციო. ასევე დიდი სურვილი მაქვს დილაობით Morning Motivation Yoga-ც ვცადო.ზუსტად ვიცი, სულ სხვანაირი ენერგიით დამაწყებინებს დილას, რომელსაც ასევე საოცარი ენერგიით მასრულებინებს Champions Academy-ში ვარჯიში.
ვარჯიშის შემდეგ 2 საათი თავს ვიკავებ ვახშმისგან და დაახლოებით 09:30-სკენ მიწევს ბოლო კვება. შემდეგ, ვცდილობ დრო ჩემთვის საინტერესო თემებს დავუთმო. ვკითხულობ წიგნს „How Food Works“, შემდეგ ბლოგიც მინდა ამ წიგნის საინტერესო თემებზე ავაწყო, ვეცნობი ფემინისტური თეორიების მიმართულებებს, კამპანიებს, პრაქტიკებს,
ყველაფერს, რაც მის გარშემო მაინტერესებს. ამ ბოლო დროს ძალიან ჩამითრია პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა და მათ გარშემო არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ. ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიებს, იდეოლოგიებს, პოლიტიკოსების ცხოვრებას (ზუსტად გუშინ ვუყურე ფილმს ურუგვაის ყოფილ პრეზიდენტზე, ხოსე მუხიკაზე და აღფრთოვანებული ვარ ამ კაცით), მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგიაც და უკვე შერჩეული მაქვს რამდენიმე აუდიო წიგნი (მეგობრების რეკომენდაციებით), რომელთა საშუალებითაც ე.წ. Mindfulness და ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია (თუნდაც კამათი) უნდა ვისწავლო.  მოკლედ, საღამოს ვცდილობ ჩემთვის საინტერესო თემებით დავიტვირთო, თუ ზედმეტად დაღლილი ვარ, მაშინ უბრალოდ რაიმე სერიალს ვრთავ, ან ლიტერატურას ვკითხულობ (ფენტეზი და დეტექტივი ჩემი საყვარელი ჟანრებია, პრინციპში სამეცნიერო ფანტასტიკაც ).

-სოციალური ქსელების ადამიანებზე გავლენა და შედეგები.

-სოციალურმა ქსელებმა ადამიანებს მოუტანა უამრავი დადებითი და უარყოფითი შედეგი.სოციალური ქსელები გახდა კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა დაიწყეს უამრავ, ყოველდღიური
რუტინის სიმძიმის გამო, მივიწყებულ ადამიანებთან უფრო აქტიური კონტაქტი და მათთან უფრო ხშირი სოციალიზაცია, ასევე ბევრი ინტროვერტი ადამიანისთვის ეს სივრცე ბევრად უფრო დაცული და კომფორტულია, ვიდრე პირისპირ საუბრები.ერთი პოსტით რეალურად, ადამიანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ათობით და ასიათასობით ადამიანზე.. თუმცა, სწორედ ამ გავლენიდან და სწრაფი ტემპიდან მოდის უარყოფითი შედეგებიც.ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფორმაციის და წყაროს გადამოწმება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკა და მრავალი ინფორმაციიდან სწორისა და საჭიროს გაფილტვრა.

-შენი თავის მოვლის ძირითადი პროდქტები
ვარდის სახის სკრაბი, ქოქოსის თვალის კრემი, არგანის ტანის ლოსიონი, შიისა და კაკაოს კარაქები.

მოგზაურობის დროს და სპორტდარბაზში წასვლისას ვცდილობ მაქსიმალურად კომპაქტური და მცირე ზომის პროდუქცია მქონდეს. პირველ რიგში კი cruel-free.

2
The Body Shop Mini Hand Cream
1
Shea Butter / Shower Gel / Hand Cream


-შენი სამოტივაციო რჩევა

-აბსოლუტურად ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე. პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ თქვენი განწყობის შეცვლაზე/მოდიფიკაციაზე (თუ ეს გჭირდებათ).საკუთარ თავზე ძალდატანებით არაფერი გამოდის.

-3 ფავორიტი კერძი საუზმის, ლანჩისა და ვახშმისთვის.
-წიწიბურასა და მაყვლის კრემი, ცეზარის პასტა და გამომცხვარი კარტოფილი კვერცხით.

3
Cooked Potato With Eggs
1
Buckwheat Cream
2
Caesar Pasta


-როდის დაიწყე მუშაობა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
-მე მგონი 2017 წლის ახალი წელი იყო, როდესაც უკონტროლო რაოდენობით ტკბილი, ცომი და მოკლედ ბევრი და არასაჭირო კალორია მივიღე. ჩემმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო და დაახლოებით 6 კილო მოვიმატე, რაც ჩემი სხეულისთვის ძალიან უჩვეულო მდგომარეობა იყო. ამის ფონზე თავს ვგრძნობდი გამოფიტულად და სუსტად. სწორედ ამ დროს გაიხსნა Champions Academy-ს დარბაზი და ფაქტობრივად ჩემს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხსნად მომევლინა. უბრალოდ გავითავისე და შევეგუე, რომ ვარჯიში ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი და განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, ისევე, როგორც ჯანსაღი კვება.

-ფემინიზმის ამოცანები და პერსპექტივები სილამაზის კუთხით.
-გამოვტყდები, რომ დაახლოებით 15 წლიდან, ანუ თინეიჯერობისას, ბრენდი Victoria’s Secret ჩემთვის სრულყოფილ სხეულს განსაზღვრავდა.სკოლის დასასრულს, გერმანული ენის დიპლომის, ზეპირი გამოცდის მთავარი თემა სწორედ ამ ბრენდს მივუძღვენი და საფუძვლიანად შევისწავლე მისი სრული ისტორიაც.დამეწყო დაეჭვებაც საკუთარი სხეულისდამი, კონკრეტულად ჩემი მკერდის ზომა არ მაკმაყოფილებდა და ოპერაციაზე ვფიქრობდი. ამ ინტერვიუს ფარგლებში მინდა გადავუხადო მადლობა Materiel -ის დიზაინერებს, რომლებიც ყოველ „ფიტინგზე“, როდესაც ჩემი მკერდის ზომაზე ვიწყებდი წუწუნს, მხარს მიჭერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ

 

არაფერი ჩემს სხეულში შესაცვლელი არ არის!

3
1
Champions Academy
2

ჩემი ღირებულებები და პრინციპები მალევე გადაფასდა. Victoria’s Secret ცარიელ და არაფრისმთქმელ ბრენდად გადაიქცა, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი ფასეული ღირებულება არ გააჩნია.

ზრდასთან ერთად დავიწყე ფიქრი სხვადასხვა სტერეოტიპებზეც. მაგალითად, არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც 19 წლის ასაკში, ჩემი მაშინდელი შეყვარებული შენიშვნას მაძლევდა თუ ხელზე თმა მქონდა გასაკეთებელი.
როდესაც გავიზარდე, იმდენად დიდი პროსტესტი გამიჩნდა ჩემს მაშინდელ უგუნურ „მორჩილებაზე“, რომ უკვე რამდენიმე წელია ხელზე თმის მოცილებაზე უარი ვთქვი. რადგან მომწონს და არაფერში ხელს არ მიშლის.

-მთავარი გამოწვევა ქალებისთვის დღეს.
– ქალები (მასიურად) ვერ უბედავენ საკუთარ თავსა და საზოგადოებას, საკუთარი თავები გამოსცადონ რთული გამოწვევების მქონე პროფესიებში. სწორედ ესაა თანამედროვე გოგოების მთავარი ბრძოლის ველი – საკუთარი თავის იმედი და თავდაჯერებულობის აღდგენა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე არსებობს ხელოვნური ბარიერებიც, და უფრო მეტიც, არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც ქალებს მანქანის მართვის ან ფეხბურთის მატჩის ყურების უფლებაც კი არ აქვთ.

-პრობლემები, რასაც გადააწყდი სამოდელო სფეროში.
-მთავარი პრობლემები გარეგნობის სტანდარტებს უკავშირდება. ჩემი მთავარი კომპლექსი იყო სიმაღლე. 173 სანტიმეტრი იყო ის ზღვარი, საიდანაც იწყებოდა მოდელის სიმაღლე. ზუსტად ამ ზღვარზე გავდიოდი მე. ბევრი კომპლექსი ამკიდა ამ ხელოვნურმა სტანდარტებმა, მაგრამ დღეს ეს კომპლექსები დაძლეული მაქვს.

-რატომ დაიწყე ბლოგის MY CHOCOLATE DAYS  -ის კეთება.
-როდესაც ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის შესახებ ცოდნის დაგროვება დავიწყე, ამის გაზიარება მომინდა. ბუნებით „პერფექციონისტი“ ვარ და ამიტომ, ჩემი ბლოგებიც „უშველებელია“ მაგრამ, სამაგიეროდ ვცდილობ თითოეული
თემა სრულყოფილად მოვიცვა, ისე, რომ არც ერთ პოტენციურ კითხვაზე გაუცემელი პასუხი არ დარჩეს მკითხველს.



-მომავლის გეგმები

-ჩემმა ბლოგმა თითქოს სახე იცვალა, არ მინდა მხოლოდ კვებით შემოიფარბლებოდეს. ერთი პოსტი უკვე მივუძღვენი კატების მოვლის წესებს, რადგან საქართველოში ცხოველის მოვლის კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა.
უამრავი საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია შევაგროვე და ერთ პოსტად, ქართულ ენაზე შევკარი. ახლა კი ქალებს მინდა მივუძღვნა შემდეგი ბლოგი, ქალების მიღწევებს და მათ ემანსიპაციას, რომლის შესახებაც უამრავ ადამიანს
ზედაპირული ან საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.

-როდის იწყებ საკუთარი თავის სიყვარულს.
-განწყობიდან. ეს ჩემი ახალი აღმოჩენაა. თუ როგორი განწყობა გაქვს საკუთარი
თავის, გარშემომყოფებისა თუ კონკრეტული მოვლენების მიმართ, განსაზღვრავს
აბსოლუტურად ყველაფერს. თვითრწმენაც კი განწყობაზეა დამოკიდებული.

-რა არის შენთვის დღეს საამაყო.
-სამართლიანობის ჩემი ძალიან მძაფრი შეგრძნება.