ლიზი ქიქავა – ემოციური ქმნილებები

by Keto Shurghaia

ლიზი ქიქავა არის ახალი თაობის ქართველი ხელოვანი თბილისიდან, რომლის ნამუშევრებიც ნამდვილად გამოირჩევა ინდივიდუალურობით. თვალი წამიერად იჭერს სილუეტურ მოხაზულობას ერთი ფერის, იშვიათად ფერად ფონზე , თუმცა, ეს არ არის ის მინიმალისტური ნახატები, რომლზეც მხოლოდ კონტურული ფიგურებია. როგორც თავად ავტორი ამბობს, ეს სილუეტები მხოლოდ ადამიანთან მიმსგავსებული არსებები არიან და არა მათი იდენტურები. ისინი ემოციურობის ერთობლიობას წარმოადგენენ, ხშირ შემთხვევაში ემოციების აფეთქების პროცესსაც, რაც საბოლოოდ სწორედ ამ არსებების მსგავ სახეს იღებს. აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მსგავსად, ეს ნახატები მთლიანად ორიენტირებულია ემოციური პალიტრის შექმნაზე, თუმცა განსხვავებით ამ მიმდინარეობისგან, ეს ნამუშევრები ბევრად დაწყობილი, გეომეტრიული და დამამშვიდებელია.

3
345
1
IMG_5064
2
IMG_5017

ლიზი, მომიყევი შენ შესახებ…

ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ამ სფეროთი, არც მახსოვს კონკრეტული ასაკი, საიდანაც ათვლა შეიძლება დავიწყო. ერთგვარი გაუცნობიერებელი ”თამაში“ იყო, რასაც დროდადრო მეტ ყურადღებას და მნიშვნელობას ვანიჭებდი. იყო პერიოდები, როცა სრულიად მიქრებოდა ხატვის სურვილი და თვეობით გაჩერებული ვიყავი. ესეც ერთგვარი ძიების პროცესია, ალბათ, რომელიც აღწევს კულმინაციას და რაღაც ახალი ეტაპისთვის გამზადებს. პაუზების მიუხედავად, ბევრი ფიქრი არ დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ცხოვრებაში მზად ვიყავი, ყველაზე დიდი დრო ხატვისთვის დამეთმო, რადგან ყოველთვის უკან ვუბრუნდებოდი.

ვინ არიან შენი ნახატის გმირები?

ყველა ეტაპზე, დასაწყისიდან დღემდე, ორიენტირებული ვარ ადამიანებზე (სხვადასხვა ინტერპრეტაციით), მაგრამ ჩემს წარმოსახვაში ისინი ადამიანის მსგავსი არსებები უფრო არიან, რომლებიც მჭიდრო სიახლოვეში არიან მათთან, თუმცა მაინც არსებობს საზღვარი, რის გამოც ცნობიერებაში სხვა არსებებად მიყალიბდებიან. ემოციურად არასტაბილური არიან, რადგან თავიდან ბოლომდე ემოცია და გარკვეული გრძნობები ქმნის, კვებავს და ამოძრავებს მათ.

3
IMG_0668
1
IMG_9794
2
IMG-3530

მგონია, რომ შენს ცვლილებასთან ერთად იცვლება შენი პერსონაჟიც. ამის გამო, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნახატები შენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის ავტოპორტრეტებია?

მიმაჩნია, რომ ცვლილებები ცხოვრებაში პირდაპირ კავშირშია შემოქმედებით მოდიფიკაციასთან. რა თქმა უნდა, ყველა ცვლილება ერთნაირად არ მოქმედებს და აისახება ნამუშევრებზე, მაგრამ ის, რასაც ახლა ვაკეთებ ცხოვრებაში, რადიკალური გარდაქმნის შედეგია, რამაც მომცა ინსპირაცია, საკუთარი თავი სხვა კუთხით დამენახა და  თავიდან აღმომეჩინა ამ სფეროში ისევ დიდი პაუზის შემდეგ. ტვინში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ხელის დახმარებით უხილავი არ რჩება და ხელშესახებია – ჩემ შემთხვევაში სწორედ ეს არის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის ემოციური ავტოპორტრეტები.

2
IMG_6302
1
IMG_4991

როგორი გარემო/ემოციური მდგომარეობა გჭირდება იმისთვის, რომ დახატო?

მნიშვნელოვანია, ხატვის პროცესში ვიყო მარტო და მთლიანად ორიენტირებული იმაზე, რასაც ვაკეთებ, რაც, ალბათ, ბუნებრივია. არის შემთხვევებიც, როცა სურვილი რაღაც ახალის შექმნის იმდენად დიდია, რომ თვალს ხუჭავ სახატავად არაკომფორტულ გარემოზე. არსებობს ერთი კონკრეტული ოთახი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვმუშაობ, ამ ოთახს  ყველგან თან წავიღებდი, რომ შეიძლებოდეს. გარემოსგან განსხვავებით, ემოციური კომფორტი არ მეხმარება ხატვაში. დისკომფორტი უფრო მძაფრია და უფრო დიდხანს რჩება, ერთგვარ ინსპირაციად ფორმირდება ჩემში.

რა განზრახვით იწყებ ნახატზე მუშაობას?

ყოველი ახალი ნამუშევარი იწყება ტვინში. მთლიანად დასრულებული ნახატის სახეს ვხედავა წინასწარ, სანამ ტილოზე გადავიტან – იდეა, კომპოზიციური განაწილება, ფიგურების დინამიკა და ფერები. შესაბამისად, მიზანი ყოველთვის არის ის, რომ ფანტაზია და რეალობა არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

3
IMG_5003
1
IMG_4997
2
IMG_4987

რა გაძლევს ყველაზე დიდ ინსპირაციას?

ინსპირაცია ძირითადად მარტივი ყოფითი რაღაცებისგან მოდის: ადგილებიდან, ნანახი სცენებიდან, განსაკუთრებით წარმოთქმული სიტყვებიდან, სხვა არტისტებისგან. ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავისგან და განცდილი ემოციებისგან.

ცოტა მეტი მომიყევი შენი საყვარელი ნამუშევრის შესახებ…

ხშირად მეცვლება დამოკიდებულება ჩემი ნახატების მიმართ. არის პერიოდები, როცა მინდა დეტალურად ვაკვირდებოდე ან პირიქით, საერთოდ ვერ ვხედავდე. კონკრეტულად, ალბათ, ვერ შევძლებ ერთის გამორჩევას. თითოეულში არის რაღაც დეტალი, რაც მომწონს ან არ მომწონს, თითოეული ასოცირდება გარკვეულ პერიოდთან და ჩემს იმ დროინდელ მდგომარეობასთან, შესაბამისად ნახატისა და მისი ფონის კომპლექსურად აღქმა  უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია.

სამომავლო გეგმები…

ბოლო ორი წელი ინტენსიურად ვმუშაობ ერთ-ერთ სერიაზე, რომლის წარდგენასაც ვგეგმავ ახლო მომავალში, სოლო გამოფენის სახით.

3
0
1
1
2
IMG_5001