ბაიერსი X თიბისი სტატუსი – დოდოშკა ჩხეიძე

by likuna khaburzania

• ამ ეტაპზე რას მოაქვს შენთვის ყველაზე დიდი სიამოვნება?

ბოლო დროს ძალიან ვისიამოვნე ჩემს საყვარელ სახლში გატარებული დროით. 2 თვის განმავლობაში მკაცრი წესების დაცვით ვცხოვრობდი, მიუხედავად ამისა,  საერთოდ არ მომბეზრებდა იზოლაციაში ყოფნა. ვუყურებდი არაჩვეულებრივ ფილმებს, ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი სამაგიდო თამაშებს, ვუსმენდი ბავშვობის დროინდელ ფირფიტების კოლექციას, რომელიც იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ აღმოჩენებში და 25 წლით უკან მოგზაურობაში ვარ. ბოლო დროს დავინტერესდი კულინარიით და აღმოვაჩინე რომ გამომდის კერძების მომზადება. რაც მთავარია, საშუალება მომეცა დავფიქრებულიყავი ისეთ საკითხებზე, რისთვისაც  აქამდე ბევრი დრო არ მრჩებოდა. ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი იყო ჩემი პიროვნული განვითარებისთვის, რომელმაც ჩემი ფასეულობების გადაფასება გამოიწვია.

• როგორ გამოიყურება შენი სამუშაო სივრცე? 

გასაკვირი არ იქნება, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ესთეტიკურ მხარეს. შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ ის გარემო რომელშიც ვმუშაობ, ან ვცხოვრობ მაქსიმალურად იყოს მორგებული ჩემი, გუნდისა და ოჯახის წევრების გემოვნებას. ოფისი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სახლში გვაქვს. ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი ნივთი იყოს საინტერესო და სასიამოვნო ვიზუალის. მიყვარს მოწესრიგებული გარემო და ვცდილობ ყოველთვის მქონდეს ყვავილები, რომელიც ჩემს განწყობაზე დადებითად მოქმედებს. სრულიად ვეთანხმები გამოთქმას “The details are not the details. They make the design.”

• რომელ ხელოვანს შეხვდებოდი წარსულიდან? 

რთულია გამორჩევა, მაგრამ ალბათ ლეონარდო და ვინჩის შევხვდებოდი, მისი უდიდესი ცოდნისა და შესაძლებლობის გამო. მითუმეტეს რენესანსის ეპოქაში მოგზაურობა რამხელა სიამოვნება იქნებოდა…

• რომელ გალერეას ან მუზეუმს ურჩევდი ჩვენს მკითხველს თბილისში? 

ვისაც ეს სურვილი და ინტერესი გააჩნია ალბათ ყველა უკვე ნამყოფია სახელმწიფო და ეროვნულ მუზეუმებში. ამიტომ თქვენს მკითხველს ვურჩევდი პატარა თანამედროვე ხელოვნების გალერეეების სტუმრობას, რომლებიც საბედნიეროდ მრავლადაა ქალაქში და ხშირად გვთავაზობენ საინტერესო ექსპოზიციებს.

• რას ხატავდი ყველაზე ხშირად ბავშვობაში? 

ბავშვობაში მახსოვს რომ მუდმივად ვხატავდი ყვავილებს, ისრიან გულებსა და მზეებს. ყვავილები თითქმის ყოველთვის მაქვს სახლში. მზეზე იმდენად ვარ დამოკიდებული რომ პირდაპირ აისახება ჩემს განწყობაზე. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მზიანი ამინდია თუ არა, ალბათ ცეცხლის ნიშნის ქვეშ რომ ვარ დაბადებული ეს ახდენს გავლენას. ჩემი რომანტიული ბუნებიდან გამომდინარე, გულები ახლაც ძალიან მიყვარს. მუდმივად ვცდილობ ბუნებაში ამ ფორმის აღმოჩენას და ხშირად ვიყენებ ჩემს ნამუშევრებშიც.

• DODO Designs-ის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვინახავს. რომელს გამოარჩევდი შენი ნამუშევრებიდან? 

თემას გავაგრძელებ და გალერია თბილისისთვის შექმნილი ისრიანი მანათობელი გულით დავიწყებ. ჩემი აზრით, ეს ინსტალაცია საკმაოდ გამოხატავს ჩემს ხასიათსა და ხედვას. მთვარის ინსტალაცია, რომელიც მრგვალ ბაღში ჩნდება ხოლმე ახალი წლის პერიოდებში, ძალიან კარგ ემოციებთან არის დაკავშირებული და რაც მთავარია უამრავი ადამიანისგან ვიგრძენი იგივე დამოკიდებულება. ყველაზე მეტი დადებითი შეფასება და გულშემატკივრობა ორბელიანის მოედანზე გაკეთებული ყვავილების პავილიონების პროექტმა მოგვიტანა. აი სიტყვა ძვირფასთან კი ყველაზე მეტად მარჯანიშვილის თეატრისთვის გაკეთებული სკულპტურა ასოცირდება, რომელიც პეტრე ოცხელის ერთ-ერთი კოსტიუმის ესკიზის ინსპირაციით შეიქმნა.

12
IMG-9847
1
IMG-9876
2
IMG-9840
3
IMG-9842
4
IMG-9846
5
IMG-9849
6
IMG-9850
7
IMG-9856
8
IMG-9858
9
IMG-9859
10
IMG-9860
11
IMG-9875

 

• რა უფრო დიდი სიამოვნებას განიჭებს მუშაობის პროცესი თუ შედეგი? 

პროცესში ბევრი ენერგია მიდის, თან უკან გიბრუნდება როცა ხვდები რომ მიზანს უახლოვდები. ამავდროულად ახალი იდეებიც იბადება, რადგან თან მუდმივად სიახლეებს აწყდები და აცნობიერებ, რომ კიდევ უფრო მეტის შექმნა შეგიძლია. ძალიან გამიმართლა, რომ დეკორატორების სახელოსნო “Kinofactory” მყავს გვერდით, რომელიც ყველა იდეას ახორციელებს ისე , როგორც ჩაფიქრებული მაქვს და ხანდახან კიდევ უფრო უკეთესად. ასე რომ, ამ შემთხვევაში შედეგის ნახვასაც ძალიან დიდი სიამოვნება მოაქვს, მითუმეტეს როცა ადამიანებისგან გულწრფელ შეფასებებს ვისმენ.

• როგორ იცვლება შენი განწყობა მუშაობის პროცესში? 

სტუდენტობის ასაკიდან ვმუშაობ რეკლამისა და კინოს მხატვრობაზე, ინტერიერის დიზაინზე, ინსტალაციებსა და მუსიკალური ფესტივალების დეკორაციებზე. 15 წელია რაც ჩემი ცხოვრება მთლიანად მოცულია იდეებზე ფიქრით, მათი განხორციელებით, ახალ ადამიანებთან კომუნიკაციითა და მათთან ერთად მუშაობით. დიდი ხანია რაც სამუშაო პროცესი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია და ჩემს ხასიათზეც ზუსტად იგივენაირად მოქმედებს როგორც სხვა გარემოებები.

• საყვარელი ინტერიერის დიზაინერი? 

იქიდან გამომდინარე, რომ რომელიმე კონკრეტულ სტილზე არ ვარ ორიენტირებული ძალიან გამიჭირდება ერთი დიზაინერის გამორჩევა. თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესოა იტალიელი არქიტექტორისა და დიზაინერის ეტორე სოტსასის მიერ დაარსებული “MEMPHIS GROUP” რომელმაც 80-იან წლებში  დიდი გადატრიალება მოახდინა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. მათი პოსტ მოდერნისტული ავეჯი და ნივთები დღემდე ძალიან დიდ როლს თამაშობს თანამედროვე დიზაინის სფეროში.

2
1
IMG-9835

• ადამიანი რომლმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია შენს შემოქმედებაზე? 

ხელოვნების რამოდენიმე დარგში ვმუშაობ და მუდმივად მჭირდება ინფორმაციისა და ინპირაციის წყაროს გამდიდრება. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესოც სწორედ ის არის, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული ადამიანი. ჩემს განვითარებაზე გავლენას ახდენს ყველაფერი რაც ცხოვრების მანძილზე მხვდება, რაც მინახავს, მომისმენია, აღმიქვამს ან შემიგრძვნია. ხშირად ძალიან პატარა დეტალმაც კი შეიძლება ინსპირაცია მომცეს ახალი  ნამუშევრის შესაქმნელად. ამიტომ ჩემთვის მოგზაურობა, და დაკვირვება ყველაზე მნიშვნელოვანია.

• რამდენად ხშირად მიმართავ იმპროვიზაციას? თუ გირჩევნია კონკრეტულ გეგმას მიჰყვე?

როდესაც იდეა ჩნდება, ძირითადად ძალიან კონკრეტულად ვხედავ შედეგს, შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს არის საინტერესო, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ შესრულებისას. მიუხედავად ამისა, ყოველთვის საინტერესოა მუშაობის პროცესში იმპროვიზაცია და უკეთესი შედეგის მიღება, ვიდრე ეს თავდაპირველად წარმომედგინა.

3
IMG-9868
1
IMG-9870
2
IMG-9869

• რატომ დიზაინი? 

თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ხატვის განსაკუთრებული ნიჭით არ გამოვირჩეოდი. როდესაც პროფესიაზე ფიქრი დავიწყე, მახსოვს ის წამი, როდესაც მივხვდი, რომ თეატრის მხატვრობა მინდოდა და თავდაჯერებულობაც მომენტალურად ვიგრძენი. სწავლის პერიოდიდან აქტიურად დავიწყე მუშაობა რეკლამისა და ფილმის მხატვრობაზე. შემდეგ სხვა დარგებიც შეემატა ჩემს ინტერესებს  და ამ დრომდე მუდმივად ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ როგორც დიზაინში, ასევე საკუთარ თავში.

• ფილმები რომლის ინსპირაციითაც სეთ დიზაინი შექმენი? 

ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი კინო მხატვრობა ვეს ანდერსონის ფილმებშია. ყოველი ახალი ფილმი დიდი ზეიმია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნამდვილი სახელმძღვანელოა ამ სფეროში. ძალიან საინტერესო იყო MBFW-ის ფარგლებში  0711-ს სეტ დიზაინზე მუშაობა, რომელიც მისი ფილმების ინსპირაციით შექმნილ კოლექციისთვის შევქმენით.

• აქვს თუ არა საზოგადოებას გავლენა ხელოვნებაზე? 

 საზოგადოებასა და ხელოვნებას შორის მუდმივი დიალოგია. ხელოვნება საზოგადოების სოციალური ყოფის ანარეკლია შემოქმედებაში, ხოლო შემოქმედება, ადამიანის კულტურულ ფასეულობათა ჩამოყალიბების ძირითადი საშუალებაა. ასე რომ, ხელოვნება ადამიანის, როგორც სოციალური ცხოველისა და ინდივიდის ჩამოყალიბების ინსტრუმენტია.

• ერთი დღე დოდოშკასთან ერთად 

კვირის დღეებში დილა იწყება კოლექციიდან რომელიმე  ვინილითა და მომზადებით. ჩემთან ერთად ერთ დღეში შეიძლება იმოგზაუროთ ლილოში, ძველი ნივთებისა და ავეჯის ბაზრობაზე, ოფისში, სადაც დაესწრებით  უამრავი სხვადასხვა მიმართულების პროექტზე გუნდური მუშაობის პროცესს, აუცილებლად მუსიკისა და მხიარულების თანხლებით. შეიძლება ნახოთ სარემონტო სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ასევე შეიძლება დაესწროთ რომელიმე ვიტრინის დეკორაციის მონტაჟს. საღამოს კი ვბრუნდები ჩემს საყვარელ სახლში, და ვვახშმობ ოჯახთან ერთად. სახლი ჩემთვის ყოველთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება.

• რა გავლენა იქონია იზოლაციამ შენს შემოქმედობითობაზე ? 

ძირითადად ვუყურებ ბევრ ფილმს, ვკითხულობ, ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, ვეცნობი ჩემთვის საინტერესო ფაქტებს ხელოვნებასა და ყოფით ცხოვრებაზე. აქამდე ნამდვილად არ მრჩებოდა საკმარისი დრო ამ ყველაფრით სიამოვნების მიღებისთვის. ვფიქრობ ეს ძიების პროცესი აუცილებლად აისახება ჩემს შემოქმედებაზე და ძალიან საინტერესოა რა რეზულტატს მივიღებ ამ ყველაფრიდან.

• რა საინტერესო პროექტებს გეგმავ სამომავლოდ?

თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით არქიტექტურულ სტუდია Wunderwerk- თან ერთად ვმუშაობ პროექტზე 9 მარტის ბაღისთვის. ამჟამად TBC-სთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ახალი სივრცეზე ვმუშაობ, ასევე ჩართული ვარ ქართული ქსოვილების პროექტში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე და ჩემი და თაკო, რომელიც ჩემი პარტნიორი და პროექტების მენეჯერია, ვფიქრობთ ეს დრო გამოვიყენოთ product design-ის შექმნისათვის. ვგეგმავთ სხვადასხვა საკითხების მოგვარებას და იმედია მალე გვექნება იმის  შესაძლებლობა, რომ ახალი მიმართულებაც დავამატოთ Dodo Designs-ს.